დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი აგერ უკვე 25-ჯერ გაიმართა, შაბათს კი, მისი 26-ე გათამაშება იწყება და ამ ეტაპზე მთავარი სიახლე ისაა, რომ მას ამიერიდან “დიდი 10” ეწოდება.
დაწყება ცუდ დროს ემთხვევა. რაგბის ქომაგთა ყურადღება მთლიანადაა მიპყრობილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისკენ, რომელიც ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასისთვის ემზადება და თანაც, ხვალ საღამოს ტურნირამდე იაპონიის ეროვნულ გუნდთან ბოლო საკონტროლო თამაშს გამართავს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 19:45 საათზე იწყება და ისე გამოდის, რომ თბილისური მატჩის საცქერლად სტადიონზე მისული მაყურებელი უკეთეს შემთხვევაში პირველ ტაიმს გამოტოვებს (თუმცა, იაპონიასთან მატჩიც სავარაუდოდ “მოყოლით” იქნება და ამ შემთხვევაში გულშემატკივარი ბევრს არაფერს კარგავს).
სატრანსფერო პერიოდში გუნდებში ცვლილებები მრავლად მოხდა და ამ ეტაპზე ვინმეს ფავორიტობაზე საუბარი ნაჩქარევი იქნება. “არმიამ”, რომელმაც უძლიერესთა შორის გადათამაშებით შეინარჩუნა ადგილი, 11 მორაგბე მიიღო, ვიცე-ჩემპიონი “ლოკომოტივი” 7, ხოლო “ბათუმი” და “ჯიქები” 6-6 მორაგბით შეივსო. სამმა გუნდმა - ქუთაისის “აიამ”, თბილისის “არმიამ” და “არმაზმა” დუბლშემადგენლობის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
“დიდი 10” შაბათს ქუთაისში გაიხსნება, სადაც “აია” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება და ეს თამაში 17 საათზე დაიწყება. შაბათსვე, 5 სექტემბერს, ერთ საათში თბილისში დაიწყება ორი შეხვედრა. ელიტაში დაბრუნებული “აკადემია” ქვეყნის ბოლო სამი წლის ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” “ავჭალაზე” უმასპინძლებს, ხოლო “არმაზი” “ბათუმს” “შევარდენზე” მიიღებს.
კვირას თბილისშია ორივე თამაში და ისინიც 18 საათზე იწყება. დედაქალაქურ დერბიში “არმია” “ლოკომოტივს” “ავჭალაზე” ეთამაშება, ხოლო გორის “ჯიქი” და ბოლნისის “ყოჩები” ერთმანეთს ნეიტრალურ “შევარდენზე” შეერკინებიან.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. I ტური
5 სექტემბერი
ქუთაისი. “აია”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
6 სექტემბერი
თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი
არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი
ჯიქი (გორი) - ყოჩები (ბოლნისი)