ფეხბურთი

16:50 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, მონაწილეობა ამ უწყების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამაც მიიღოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“იქიდან გამომდინარე რაც აქ დამხვდა არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურაც წარვადგინო. 7 სექტემბერს, 18:00 საათზეა ბოლო ვადა”, - თქვა სიჭინავამ.

სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე 26 საფეხბურთო კლუბის განცხადება განიხილეს, რომლებსაც ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მიღება სურთ. კომიტეტმა კლუბების მითხოვნები ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა და მათ მოთხოვნის დასაბუთებისთვის 14 სექტემბრამდე დრო მისცა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები გაუგზავნა, რომლის შემდეგაც თვითმმართველობებში არსებულმა საფეხბურთო კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერსაა დანიშნული და ამ დროისთვის ოფიციალურად დარეგისტრირებულნი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია არიან.

0.137804