2 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრმა მოკრივეებს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი და ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ლიცენზია მიულოცა.
ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ ერანოსიანმა მოიპოვა, რომელმაც 4 მეტოქე დაამარცხა და მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან. ბრინჯაოს მედალი კი 75 კილოში გადანაცვლებულმა ზაალ კვაჭატაძემ აიღო.
კვაჭატაძემ ახალ წონაში პრაქტიკულად პირველი დიდი შეჯიბრება ჩაატარა და წარმატებულადაც გამოვიდა. ქართველმა მოკრივემ 3 მოწინააღმდეგეს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელთან დამარცხდა და საბოლოოდ, ბრინჯაოს პრიზორი გახდა.
ოთარ ერანოსიანთან და ზაალ კვაჭატაძესთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა მძიმეწონოსანმა მიხეილ ბახტიძემაც, რომელიც საუკეთესო ექვსეულში მოხვდა. მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებს შორის ოქტომბერში დოჰაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 2 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური