ფეხბურთი

15:47 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილს სამართლიანი არჩევნებისა და გამარჯვების სჯერა
ფიფია არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევას გამორიცხავს

ლევან კობიაშვილისთვის პატივია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად თბილისის “დინამომ” წარადგინა და იმედოვნებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

ამის შესახებ მან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ განაცხადა:

“გულშემატკივრებისგან ასეთ დახვედრას არ ველოდი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად თბილისის “დინამომ” წარმადგინა. 3 ოქტომბრამდე გაჩერებას არ ვაპირებ და რეგიონალური ფედერაციების, კლუბების წარმომადგენლებს, ასევე, გულშემატკივრებსა და ვეტერან ფეხბურთელებს შევხვდები. მხარდაჭერის იმედი მაქვს. მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს”.

“დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას არჩევნებში კობიაშვილის გამარჯვების ეიმედება და ის სახელმწიფოს ჩარევას გამორიცხავს:

“ცვლილებების მომხრე ვარ. მომავალს იმედით ვუყურებ და ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. სახელმწიფო არჩევნებში არ ერევა და არც ჩაერევა. ასეთი, ლევანის და სპორტის სამინისტროს პოზიცია”.

ფიფიამ ისიც აღნიშნა, რომ “რედისონში” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის რევაზ არველაძის პროგრამის პრეზენტაციას “დინამოს” სპორტული მენეჯერი დაესწრება.

კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციაში 14:00 საათზე მივიდა, ხოლო ერთი საათით ადრე ხსენებული ორიგანიზაციის შენობასთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ნაწილი თბილისის “დინამოს” ავტობუსით მოვიდნენ და ხელში ამ კლუბის ლოგოიანი დროშები ეკავათ. ზუგდიდელი გულშემატკივრებს ავტობუსზე პლაკატი გამოეკრათ: “ზუგდიდი მხარს უჭერს ლევან კობიაშვილს”.

ზუგდიდელებს არც ლანჩხუთლები ჩამორჩნენ: “საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” მხარს უჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილს”.

“ხობი თქვენთაა”, “მარტვილი მხარს უჭერს ლევან კობიაშვილს”, “ოზურგეთი ირჩევს ლევან კობიაშვილს” “ჩხორიწყუს “სამეგრელო” – ეს იმ პლაკატების ჩამონათვალია, რომლებსაც ფედერაციის წინ აფრიალებდნენ. ადგილზე იყვნენ “ზესტაფონის” ქომაგები კლუბის ლოგოიანი დროშებით. აქცია ბათუმის “დინამოს” ფანების მისვლამ გამოაცოცხლა, რომლებიც ფედერაციის წინ მყოფთ შეძახილით შეუერთდნენ: “კობიაშვილს გაუმარჯოს”. ბათუმელებს დანარჩენებიც აყვნენ და ამის შემდეგ, აქციაზე არაერთხელ გაჟღერდა კობიაშვილის მხარდამჭერი ფრაზა. ფედერაციის წინ იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელები: გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, გივი კვარაცხელია, რატი ალექსიძე, ლაშა სალუქვაძე. კობიაშვილის მხარდასაჭერად საფეხბურთო სკოლა “დიდუბე 2014”-ის ბავშვებიც მოეყვანათ.

ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ ხურცილავამ შენობის წინ შეკრებილი ხალხი რომ დაინახა თქვა: “რა ვითომ ამით შეგვაშინებენ?!”.

კობიაშვილის გამოჩენას ოვაციითა და შეძახილებით შეხვდნენ: “კობი, კობი”. იგივე განმეორდა მისი ფედერაციიდან გამოსვლის შემდეგ. გულშემატკივრებმა ნაკრების ყოფილ კაპიტანს წარმატება უსურვეს და ზოგიერთმა მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

0.217647