საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი რეპეშაჟის ფინალში გერმანიას დაუპირისპირდება.
ძირითად ბადეში ქართულმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველ წრეში ტუნისი 4:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში კი მონღოლეთთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების გამო 2:3 წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც დაძაბულ ბრძოლაში რუსეთს აჯობა – 3:2.
რეპეშაჟის მეორე ფინალში ყაზახეთი მონღოლეთს შეხვდება. უმაღლესი ტიტულისთვის კი იაპონელები და სამხრეთკორეელები იბრძოლებენ. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.