28 აგვისტოს, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების მესამე ფაზის ფარგლებში “ბორჯღალოსნებმა” პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს, რომელშიც ჩვენი ნაკრები ინგლისის “ავივა პრემიერშიპის” ნიუქასლ ფალკონზს ეთამაშა. შეხვედრა “კინსთონ პარკზე” გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, 27:7 დასრულდა.
პირველ ნახევარში მასპინძლებმა ერთი ლელო დაგვიდეს, რომლის გარდასახვაც ვერ მოხერხდა - 5:0. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა მეორე ლელოც მიითვალეს - 10:0. მალევე მესამეჯერ მიიწერეს დამატებით 5 ქულა - 15:0. ამას მოწინააღმდეგის 22-ში რაქიდან მამუკა გორგოძის გარღვევა მოყვა, რომელიც მანვე ლელოთი დაასრულა. გარდასახვა ბექა წიკლაურმა გაიტანა და ანგარიში 15:7 გახდა. ტაიმის ბოლომდე ნიუქასლელებმა კიდევ ორჯერ დაამიწეს ჩვენს ლელოს მოედანში, ერთიც გარდასახეს და საბოლოო ანგარიში 27:7 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხედრა ჩვენი გუნდისთვის სავარჯიშო ხასიათს ატარებდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ჩვენი ნაკრები კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს – “ბორჯღალოსნები” ტესტ მატჩებში 2 სექტემბერს კანადას და 5 სექტემბერს იაპონიას დაუპირისპირდებიან.
“ნიუქასლ ფალკონზისა” და “ბორჯღალოსნების” მატჩის ვრცელ მიმოხილვას ხვალ შემოგთავაზებთ.
www.rugby.ge