საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა იტალიასთან თამაშის დღეს “პალატრიესტეში“ ივარჯიშა. ჩეზარე რუბინის სახელობის დარბაზში საქართველომდე რუსეთის ეროვნულმა გუნდმა ივარჯიშა და როცა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები მოედანს ტოვებდნენ, ქართველ მოთამაშეებთან და ფედერაციის მესვეურებთან გულთბილი შეხვედრა და მოკითხვა ჰქონდათ.
მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ვლადიმერ ბოისა – სამივეს უთამაშია რუსულ გუნდებში და ცხადია, რუსეთის ნაკრების წევრთაგანაც არაერთს ახლოს იცნობენ. უფრო ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესა და რუსეთის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელთა შტაბის წარმომადგენლებს – საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებიდან და ცხადია, საკავშირო ჩემპიონატიდან.
მოკითხვებისა და ძველი დროის გახსენების შემდეგ, იგორ კოკოშკოვმა გუნდი დარაზმა და მცირე მოთელვის მერე ძირითადად კომბინაციებზე ავარჯიშა. საქართველოს ნაკრებში მიკრო-ტრავმებია, მაგრამ სერიოზული არფერია. ზაზა ფაჩულიას ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული, მაგრამ მოედანზე გასვლაში ეს მას ხელს არ შეუშლის. ჯარმრთელადაა და სავარაუდოდ ითამაშებს კიდეც თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღეა შეუზღუდავად ვარჯიშობს.
საქართველოს ნაკრების ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც “პალატრიესტეს“ დარბაზი იტალიის ნაკრებმა დაიკავა. მოკითხვები აქაც იყო, საქართველოს ნაკრების არაერთ წევრი თამაშობდა და თამაშობს იტალიურ კლუბებში. დღეს იტალიელ-ქართული ამხანაგური დაპირისპირება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 22:30 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
www.gbf.ge