საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ღვინიაშვილი ნახევარფინალშია, ხოლო ლიპარტელიანი – რეპეშაჟის ნახევარფინალში.
ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალამდე იპონ-იპონ მივიდა. უკრაინის ნაკრების წევრი ქუეჯაუ ნჰაბალი ორწუთნახევარში გააკრა ტატამს. პოლონელ პატრიკ ციეჩომსკის წუთი და 48 წამი აკმარა, სერბ ალექსანდრ კუკოლჟს - 3 წუთი და 10 წამი. ნახევარფინალის საგზური იაპონელი მაშუ ბეიკერის იუკოთი ძლევით მოიპოვა. ნახევარფინალში კი რუს კირილ დენისოვს დაეჭიდება.
მეორე ნახევარფინალში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი და სამხრეთკორეელი დონგ ჰან გვაკი იჭიდავებენ, რომელმაც მეოთხედფინალში ვარლამ ლიპარტელიანს იუკოთი აჯობა. ამ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი მიხაილ მარჩიტანი, ამერიკელი ჯაკობ ლარსენი და ფრანგი ალექსანდრე იდირი სუფთად დაამარცხა. ბრინჯაოს გზაზე კი გერმანელ აარონ ჰილდებრანდს შეხვდება.
დღესვე, ყაზახურ ტატამზე საქართველოს სახელით ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდა და მაროკოელ ასამა ნიანგისთან მოგების შემდეგ, იაპონელ ჩიზურუ არაისთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.







