კალათბურთი

0:40 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ ბოსნიას აჯობა, თუმცა, ბოგდანოვიჩი დაუშავდა

ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ხორვატიამ “ზაგრებ-არენაზე” მიმდინარე ოთხთა ტურნირზე მე-2 მატჩი ჩაატარა და კვლავ გამარჯვება იზეიმა, თუმცა, 1 ცუდი ამბავიც შეემთხვა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ველიმირ პერასოვიჩის შეგირდებმა ესტონეთს ბოლო წამებზე 66:63 სძლიეს, ამჯერად კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას უფრო იოლად აჯობეს – 97:79.

საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე, ბოსნიელები მხოლოდ 77:82-ს აგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა 15:2 იმარჯვეს და ანგარიშს სოლიდური სახე მისცეს.

ხორვატთაგან დიდებულად ითამაშა მარიო ჰეზონიამ, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, კრუნოსლავ სიმონმა კი 19 ქულა მიითვალა. პერასოვიჩის შეგირდები განსაკუთრებით ყოჩაღად პერიმეტრზე გამოიყურებოდნენ და საოცარი შედეგიც დააფიქსირეს: 28-დან 16 სამქულიანი (57%).

ყველაფერი კარგად იქნებოდა, ხორვატებს ერთი საგანგაშო ამბავი რომ დამართნოდათ. ფეხის ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ბოიან ბოგდანოვიჩმა.

“ბრუკლინ ნეთსის” 26 წლის კალათბურთელმა ესტონელებს 21 ქულა ჩაუგდო, ბოსნიელებთან უკვე 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული, როდესაც მოედნის დატოვება მოუხდა.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბოგდანოვიჩი ზაგრების ტურნირის ბოლო დღეს, ისრაელთან ვერ ითამაშებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატისთვის მომჯობინებას მოასწრებს თუ – ვერა, ამას დამატებითი გამოკვლევა გაარკვევს.

ხორვატიის და ისრაელის მატჩი დღეს, 28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი. ისიც ვთქვათ, რომ ებრაელებმა მე-2 ტურში ესტონეთს დამაჯერებლად სძლიეს – 74:56.

ხორვატია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 97:79 (19:16, 21:21, 28:19, 29:23)

ხორვატია: ტომიჩი (8 ქ. 9 მ. 4 პ.), სარიჩი (6 ქ. 6 მ. 3 პ.), უკიჩი (6 ქ. 3 პ.), სიმონი (19 ქ. 5 მ. 7 პ.), ჰეზონია (24 ქ. 6 მ.); რუდეზი (6 ქ.), სტიპჩევიჩი (12 ქ.), ბოგდანოვიჩი (10 ქ.), დრეიპერი, ბილანი (2 ქ.), ზორიჩი (4 ქ.).

მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.

0.119202