საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ აგრძელებს. დღეს ტატამზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ორი ქართველი გავიდა და თუ 21 წლის უშანგი მარგიანის საპრიზო სამეულს მიღმა დარჩენა დიდად არავის გაჰკვირვებია, მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ავთანდილ ჭრიკიშვილის წარუმატებლობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენი ასტანაში ევროპის 3-გზის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, პირველ ნომრადაც იყო განთესილი, მაგრამ მხოლოდ ნახევარფინალამდე იფავორიტა. თუმცა ჩვეული ეფექტური ჭიდაობით ვერც წინასწარი ეტაპების შეხვედრებში გამოიჩინა თავი. ოთხი ბრძოლიდან სამი უილეთოდ ჩაამთავრა და ფონს მხოლოდ ერთი გაფრთხილების უპირატესობით გავიდა.
ოქროს გზა ჭრიკიშვილს ნახევარფინალში ჩაეკეტა, იაპონელ ტაკენორი ნაგასესთან იუკოთი წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი კიდევ ერთ უილეთო შეხვედრაში ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან შედარებით ორით მეტი შიდო მიიღო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ჩემპიონი ნაგასე გახდა, ფინალში ლუის პიეტრის ძლევით. პოდიუმის მესამე საფეხური კი პენალბერთან ერთად კანადელმა ანტუან ვალუა-ფორტიემ დაიკავა.
უშანგი მარგიანი ჩემპიონატს უზბეკ იახიო იმამოვთან სუფთად წაგების შემდეგ გამოეთიშა. ამ შეხვედრამდე კი საქართველოს ნაკრების წევრმა პოლონელი ლუკაშ ბლახი ჩამოიშორა.
ხვალ მედლები მამაკაცთა შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო ქალებში – 70 კილოგრამში. საქართველოს სახელით ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ) გავლენ.
Please log in to post a comment Log in Or Register