2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია მომავალი ტურნირის წინ ბოლო მოსამზადებელ ტურნირში ჩაება და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ის C ჯგუფს სწორედ ხორვატია მიიღებს და ამ ქვეყნის ნაკრები დასკვნით მატჩებს მოახლოებული ბატალიების მასპინძელ “ზაგრებ-არენაზე” მართავს.
ოთხთა ტურნირის საწყის შეხვედრაში ხორვატები იმ ესტონეთს დაუხვდნენ, რომელიც ამასწინათ საქართველომ 90:55 გაანადგურა და ბალტიისპირელებს დიდი გაჭირვებით, 66:63 სძლიეს.
საინტერესოა, რომ საფინალო სირენამდე 42 წამით ადრე, ესტონელები ვენეს ორქულიანის წყალობით 63:62 დაწინაურდნენ და მასვე ბონუს-საჯარიმოს შესრულების უფლებაც მიეცა, თუმცა, ააცილა.
საპასუხო შეტევაში ბოიან ბოგდანოვიჩმა შეტევა გააცუდა, თუმცა, ბურთი თავადვე მოხსნა და პასი კრუნოსლავ სიმონს გადააწოდა, რომელმაც სამქულიანი მიითვალა – 65:63.
მატჩის დასრულებადე 21 წამი რჩებოდა და ესტონელებს სრულფასოვანი შეტევის შესაძლებლობა ჰქონდათ. 5 წამით ადრე, კრისტიან კანგურმა სამქულიანიი გააცუდა და სოკი მყის ბოგდანოვიჩზე დაჯარიმდა, რომელმაც ორიდან 1 საჯარიმო გამოიყენა – 66:63.
ბალტიისპირელებს ოვერტაიმში თამაშის გადაყვანის შანსი კიდევ რჩებოდათ, მაგრამ არბეტის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ხსენებული ბოგდანოვიჩი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, ესტონელებს კი 19 ქულით ვენემ ულიდერა.
ხორვატებმა 34-დან 17 ორქულიანი (50%), 20-დან 6 სამქულიანი (30%) და 19-დან 14 საჯარიმო (74%) ჩააგდეს, მოხსნებში კი მეტოქეს 33:34 ჩამორჩნენ.
ისიც ვთქვათ, რომ წლეულს ხორვატთა ნაკრების მაისური პირველად მოირგო ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა დონტეი დრეიპერმა, რომელმაც ტრავმირებული ოლივერ ლაფაიეტი შეცვალა.
მასპინძელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა მატჩის შეფასება სწორედ დრეიპერზე საუბრით დაიწყო, რომელმაც თამაში 2 ქულით დაასრულა.
“იმის გათვალისწინებით, რომ დონტეი ორიოდ დღის წინ შემოგვიერთდა, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. მან ნაკრებში თავისი როლი იცის და ძირითადად, დაცვაში გარჯითაა დაკავებული. მცირე დროში შეტევაში ყველა ასპექტის ათვისება ვერც მოასწრო, ამდენად, სასროლ პოზიციაზე იშვიათად გადიოდა.
აი, მთლიანობაში გუნდის თამაშით კი კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ბევრი შეცდომა დავუშვით და ბურთს საჭიროზე დიდხანს ვათამაშებდით. ესტონეთმა ჩვენი არადამაჯერებლობა იგრძნო და ბოლო წამებამდე გვებრძოლა.
ამ გამარჯვებას დიდ მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ. იქნებ, სჯობდა წაგვეგო კიდეც, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რომ ნებისმიერი რანგის მეტოქესთან სრული კონცენტრაცით თამაშია საჭირო”.
ზაგრების ტურნირის მე-2 მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინამ ისრაელს 80:79 სძლია. დღეს, ხორვატები სწორედ ბოსნიელებს გაეჯიბრებიან, ხოლო ისრაელი ესტონეთს დაუპირისპირდება.
ხორვატია – ესტონეთი 66:63 (20:17, 18:21, 13:9, 15:16)
ხორვატია: რუდეზი (6 ქ.), ბოგდანოვიჩი (21 ქ. 5 მ.), უკიჩი (7 ქ. 4 პ.), სიმონი (7 ქ. 4 მ. 3 პ.), ზორიჩი (8 ქ. 4 მ.); ტომიჩი (7 ქ. 6 მ. 5 პ.), სტიპჩევიჩი, სარიჩი (6 ქ.), დრეიპერი (2 ქ.), ბილანი (2 ქ. 3 მ.), ჰეზონია (3 მ.).
მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.