ჩოგბურთი

13:08 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა US Open-ზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველი რაუნდი იოლად დასძლია. მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელი ორიოლ როკა ბატალია 6:2, 6:4 დაამარცხა, რისთვისაც 53 წუთი დასჭირდა.

ნიკოლოზმა 4 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 95% (20 21-დან) მოიგო, მეორეზე კი – 74% (17 23-დან). ქართველმა ჩოგბურთელმა ჯამში 58 გათამაშება მოიგო, ხოლო ესპანელმა – 38. ისიც ვთქვათ, რომ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, მისი მეტოქე კი – 218-ეზე.

კვალიფიკაციის მე-2 წრეში ნიკოლოზის მეტოქე ამერიკელი მიტჩელ კრუეგერი იქნება, რომელმაც ბელგიელ ნილს დესეინს 6:1, 6:2 სძლია. ცნობისთვის, კრუეგერი მსოფლიოს 240-ე ჩოგანი გახლავთ.

ქართულ-ამერიკული დაპირისპირება მე-7 კორტზე ბოლო წყებაში გახლავთ გაწერილი და სავარაუდოა, რომ გვიან ღამით დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის ბადის მხარეს განთესილი ჩოგბურთელი აღარ დარჩა. 32-ე განთესვის მქონე არგენტინელი ფაკუნდო არგუელო იტალიელ ტომას ფაბიანოსთან 2:6, 5:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამდენად, თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა კრუეგერს აჯობა, საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში ბელგიელ გიგუნოს და ფაბიანოს შორის გამარჯვებულს შეერკინება და გამარჯვების შემთხვევაში, 25 სარეიტინგო ქულასაც შეიმატებს.

0.11774