სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ სტუდია “რეპორტიორში” პრესკონფერენცია გამართა. მან რამდენიმე თემაზე ისაუბრა. მისი საუბარი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. გთავაზობთ სრულ ვერსიას.
“საგანგებოდ გადავხედე ევროპის ქვეყნებში რამდენი დელეგატი ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს. მსურს მოგაწოდოთ ციფრები: ალბანეთი – 66, ბულგარეთი – 493, თურქეთი – 219, ისლანდია – 140, ირლანდია – 60, ლატვია – 100, ლიტვა – 85, მალტა – 110, მოლდოვა – 188, მონტენეგრო – 52, ნორვეგია – 250. პოლონეთი – 120, საბერძნეთი – 200, სერბეთი – 82, სომხეთი – 70, შოტლანდია – 85, სლოვაკეთი – 84, უკრაინა – 141, უნგრეთი – 80, ფინეთი – 100, ჩეხეთი – 150, ხორვატია – 52. ჩვენთან მხოლოდ 35 დელეგატია. მათი სიმცირე სფფ-ს მართველობის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც სფფ-ზე მეტად კლუბებისა და ფეხბურთში დასაქმებული ხალხის ბრალია:
სფფ-ს წესდება, მუხლი 10, წევრად მიღება, მეორე ფუნქტი: სფფ-ში გაწევრიანების მსურველმა სუბიექტმა შესაბამისი წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სფფ-ს გენერალურ სამდივნოს.
რამდენიმე დღის უკან საქართველოს პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარე თემურ ჩხაიძემ თქვა, რომ ლანჩხუთის “გურია” სფფ-ს წევრი არ არისო. სირცხვილი არაა არჩევნების წინ, რომ გახსენდებათ ამგვარი ლაფსუსები? დაწერეთ განცხადება და არ მიიღო სფფ-მ?” – განაცხადა კვარაცხელიამ.
პრესკონფერენციისას სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა კვლავ ისაუბრა წესდების შესახებ.
“სფფ-ს წესდება, მე-11 მუხლი, განცხადების მიღების მოთხოვნები და პროცედურა, მესამე ფუნქტი: ახალი წევრი მიიღებს წევრობის უფლებებსა და მოვალეობებს სფფ-ში მიღებისთანავე. მათ დელეგატებს გააჩნიათ ხმის მიცემის უფლება და მათი არჩევა უნდა მოხდეს სასწრაფო წესით.”
კვარაცხელიას თქმით სფფ-ს მომდევნო ყრილობაზე ახალი სუბიექტის წევრად მიღების შემთხვევაში – ახალი სუბიექტი ჩაერთვება არჩევნებში. შემდეგ კვარაცხელიამ სფფ-ს წესდების 27-ე მუხლი დაასახელა.
“27 მუხლი, მეორე ფუნქტი, რიგითი ყრილობის დღის წესრიგი შეიცავს შემდეგ სავალდებულო საკითხებსა და დოკუმენტაციას.
პუნქტი ე წევრის მიღებას თუ სტატუსის შეჩერებას ან გარიცხვას ითხოვს, მაშინ როცა ამის შემდეგ მოდის ფუნქტი რ: საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის რჩევა.
გამომდინარე აქედან შესაძლებელია ერთი და იმავე ყრილობაზე აირჩეს ახალი წევრი, შემდეგ კი არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა (მე-11 მუხლიდან გამომდინარე)”.
კვარაცხელიამ მიმართა აღმასკომს, რათა პირველი ფუნქტის მიხედვით საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” აღადგინონ სფფ-ს წევრად.
“ნუთუ “ზესტაფონი” არ იმსახურებს სფფ-ს წევრობას, მაშინ, რაც მისმა პრეზიდენტმა გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის?” – აღნიშნა კვარაცხელიამ.
სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სფფ-ს წესდებაში შეტანილია ცვლილებები ყრილობის გვერდის ავლით, რაც წარმოადგენს დარვევას. კვარაცხელიამ გვიჩვენა მე-10 მუხლის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი 2015 წლის მაისში ამობეჭდა, მეორე ვარიანტი კი აგვისტოში. მაისში ამობეჭდილ მეათე მუხლში სხვა წევრებთან ერთად ეწერა: რუსთავის “ოლიმპი”, ზუგდიდის “მგლები” და ცხინვალის “სპარტაკი”. აგვისტოს ვარიანტში კი ისინი შეცვლილია რუსთავის “მეტალურგით”, ზუგდიდის “ზუგდიდით” და ცხინვალის “ცხინვალით”.
“გასაგებია “ცხინვალის” ვარიანტი, რაკიღა ამ გუნდს სახელი გადაერქვა, მაგრამ რატომ შეცვალეს “ოლიმპი” – “მეტალურგით”, “მგლები” კი “ზუგდიდით” ყრილობის გარეშე?
შეგახსენებთ სფფ-ს წესდების 29-ე მუხლს, სადაც პირველი ფუნქტი პირდაპირ მიუთითებს: სფფ-ს წესდებაში მისი გამოყენების მარეგულირებელ დებულებებში და ყრილობის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ყრილობაზე! Aაქედან გამომდინარე სფფ-ს წესდება დარღვეულია უკანონოდ” –აღნიშნა კვარაცხელიამ.
“საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 7 გუნდი გამოდის, რომელის სფფ-ს წევრი არ არის. ეს გუნდებია: “საბურთალო”, ბათუმის “დინამო” , “ჩიხურა”, “შუქურა”, “გურია”, ლოკომოტივი” და “საპოვნელა.” მეტიც, სფფ-ის არაწევრმა გუნდებმა ჩიხურამ და ბათუმის “დინამომ” ევროთასზე იასპარეზა.
თუ მათ განცხადების დაწერა არ იციან, შემიძლია თავად დავუწერო. ნუ გაუშვებენ შანსს გახდნენ სფფ-ს წევრები ამავე ყრილობაზე და ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა” – განაცხადა კვარაცხელიამ.
“სფფ-ს 9 წევრი 100 პროცენტიან დაფინანსებას იღებს ფედერაციიდან. განა ადვილი გამოსაცნობი არაა, მათი დელეგატები ვის მისცემენ ხმას?”.
“შეგახსენებთ სფფ-ს წესდების 28-ე მუსლხს, რომელიც რიგგარეშე ყრილობას ეხება. იმ შემთხვევაში თუ სფფ-ს წევრები უკმაყოფილონი არიან არჩევნების ამ სისტემით, შეუძლიათ მოიწვიონ რიგგარეშე ყრილობა და მიიღონ წევრებად ის სუბიექტები, რომლებიც იმსახურებენ სფფ-ს წევრობას. განსაკუთრებით ეს მინდა ვთვქა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებზე” – დაასრულა კვარაცხელიამ.
მინდა აღვნიშნო, რომ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას კვარაცხელიამ არაერთხელ გამოთქვა კატეგორიული აზრი, რომ სფფ-ს არჩევნები უნდა ჩატარდეს სახელმწიფოს ჩაურევლობის გარეშე, რაც გულისხმობს კანონიერების ფარგლებში ახალი პრეზიდენტის არჩევას.