ჭიდაობა

0:25 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატიდან

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში დაწყებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ თითო ოქროს და ვერცხლის მედლის აღება მოახერხა.

ბერძნულ-რომალური სტილით მოჭიდავეთა ტურნირის 63 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი აივენგო რიკაძე გახდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სერბულ სუბოტიცაში ევროპის პირველობაც მოიგო, ამჯერად კი ზემოდან მსოფლიოს გადმოხედა. რიკაძემ გზიდან ირანელი მოჰამედრეზა როსტამი (7-2), უკრაინელი ფავრიზ ნასიბოვი (2-2) და ყაზახი მერეი ბეკენოვი (4-3) ჩამოიცილა, ფინალში კი ეგვიპტელ მოჰამედ ელ საიედს აშკარა უპირატესობით, 11:2 სძლია.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ჯონი ხეცურიანს (54 კგ.), რომელმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონობა 50 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ამერიკელი პაულ ბიანჩი (8-0), იაპონელი აიატა სუზუკი (9-5) და სომეხი ტიგრან მინასიანი (8-0) დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ალექსანდრე ხრუშინთან 1:5 დამარცხდა.

გუშინვე ხალიჩაძე თორნიკე კანდელაკი (50), დავით ბაკურაძე (58) და ბექა მაკარიძე (100) გავიდნენ, თუმცა უმედლოდ დარჩნენ. კანდელაკმა (50) ყაზახი ტილაკ ასემბაევის დამარცხების (11-1) შემდეგ, ირანელ მეჰდი ნეჯადთან წააგო – 0:9. ბაკურაძემ (58) პირველ შეხვედრაში ხორვატი პაველ პუკლავეცი დაამარცხა – 3-1, შემდეგ კი სომეხ ედგარ ტამაზიანთან დამარცხდა – 0-8. ბექა მაკარიძემ (100) პირველივე ბრძოლა დათმო თურ ბეკდარ აკდემირთან – 2-4.

დღეს საქმეში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ, ქართველთაგან კი ირაკლი ნაკაშია (42 კგ.), გიორგი მეფიშვილი (46 კგ.), ნიკოლოზ ჭიკაიძე (69 კგ.), თემურ ჭკუასელიძე (76 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (85 კგ.) იასპარეზებენ.

0.119493