ლონდონის “ვესტ ჰემის” სენეგალელი ფორვარდი დიაფრა საკო კიდევ ერთხელ მოხვდა არასასიამოვნო სიტუაციაში. 25 წლის ფეხბურთელი პოლიციამ კვირას დააკავა და დაკითხა. Goal-ის ცნობით, მას ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა და მოწმის დაშინება.
ჯერჯერობით საკო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. დიაფრა ყველა ბრალდებას უარყოფს და პოლიციას მომხდარის საკუთარი ვერსია უამბო. საქმესთან დაკავშირებით მოსმენა ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ საკო აგვისტოშიც დააკავეს და დაკითხეს. მაშინ მას ბრალი ძალადობაში ედებოდა.