ფეხბურთი

18:35 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი და პირლო, სად ხართ?

ჩემპიონატის დებიუტშივე ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე პირველივე მატჩი წააგო. კლაუდიო მარკიზიოს, სამი ხედირასა და ალვარო მორატას გარეშე “ბებერი ქალბატონის” თამაშის ხარისხი არცთუ მაღალი იყო. განსაკუთრებით, “უდინეზესთან” მატჩში ახალი ფორმაციის “იუვეს” ერთი შეხედვითაც ეტყობოდა კარლოს ტევესის, ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის არყოფნაც...

სად არის ხარისხი?

შევთანხმდეთ, რომ სიმონე პადოინი არ არის ანდრეა პირლო. სწორედ ის ირჯებოდა “იუვეს” შუა ხაზში მაესტროს პოზიციაზე. რობერტო პერეირა კი ახალი ვიდალი ამ დროისთვის მხოლოდ პოტენციურად თუ იქნება. გუშინდელ მატჩში ვერც პოგბა გამოდგა “იუვეს” ნახევადრაცვის დამგეშავი. პირლოსა და ტევესის გარეშე სტანდარტებსაც ფრანგი ასრულებდა, თუმცა ამ მხრივ 22 წლის ნახევარმცველს დიდი სამუშაო აქვს, თანაც აშკარად... რა თქმა უნდა, მარკიზიოს ტრავმის მოშუშების შემდეგ ალეგრის შუახაზში უფრო მეტი მანევრირების შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ ტურინელებს მაღალი დონის გამთამაშებელი აშკარად სჭირდებათ.

მანჯუკიჩის ბევრი შეცდომები

მარიო მანჯუკიჩის ერთ-ერთ მთავარ კოზირად მეორე სართულზე თამაში მიიჩნევა. “უდინეზესთან” კი ხორვატ ფორვარდს თავით გატანა ოთხჯერ შეეძლო, მაგრამ ყველა შემთხვევაში მისი დარტყმული ბურთი ზემოდან გადაევლო კარნეზისის კარს. გარდა ამისა, მას ისედაც საკმაოდ ბევრი ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, თუმცა... როგორც ჩანს, მარიოს დრო სჭირდება...

პოგბას ცუდი დღე

პირლოს, ვიდალისა და მარკიზიოს გარეშე “იუვეს” ნახევარდაცვის გაძღოლა პოლ პოგბას ეულად მოუწია. ვერ ვიტყვით, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ამ მოვალეობას თავი გაართვა. მეტიც, პოგბამ ცუდი მატჩი ჩაატარა. პოლს პირველი ტაიმი უკეთესი გამოუვიდა, თუმცა მეორეში განვითარების მაგივრად, უფრო ჩაიკარგა. მან ვერც საჯარიმოებისა და კუთხურების გათამაშება მოახერხა სათანადოდ. ერთიც, 22 წლის ვარსკვლავმა ამ შეხვედრაში ბურთი 22-ჯერ დაკარგა...

კომანი – ნათელი წერტილი

19 წლის ფრანგი მოულოდნელად ძირითადში მოხვდა. საბოლოოდ, კი ისე მოხდა, რომ კომანი ტურინელთაგან ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. პირველ ტაიმში მას მონდომებას ვერ დავუწუნებდით, რამდენჯერმე გოლის გატანის კარგი შანსიც მიეცა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში მოსამატებელი აქვს. მეორე ტაიმში ალეგრიმ იგი დიბალათი შეცვალა. არადა, საინტერესო იქნებოდა ამ ორი ფეხბურთელის მოედანზე ერთად ხილვა, მანჯუკიჩის უკან. ასე უდინელ მცველებს გაცილებით მეტი თავსატეხი შეექმნებოდათ, მაგრამ ალეგრიმ ვერ გარისკა...

0.361282