სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, კოპერში გამართულ ოთხთა ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო. სლოვენიელებმა უკრაინის (66:60) და ფინეთის (80:59) ძლევის შემდეგ, გაცილებით ძლიერ იტალიასაც ტოლი არ დაუდეს და 76:67 მოუგეს.
იურე ზდოვცის შეგირდებმა აპენინელები დასკვნით მეოთხედში “გატეხეს”, რომელშიც 23:16 იმარჯვეს, მანამდე კი, ძირითადად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მასპინძლებმა აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთეს, რამაც გაამართლა კიდეც. სლოვენიამ 31-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, იტალიამ კი 15-დან – 3. ისიც ვთქვათ, რომ სტუმრებმა ერთბაშად 10 საჯარიმო გააცუდეს.
გამარჯვებულთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი ასცდა, საუკეთესო კი უროშ სლოკარი იყო 15 ქულით. იტალიელთა რიგებში არ უთამაშია დანილო გალინარის, მის არყოფნაში კი, 16-16 ქულით მარკო ბელინელი და დანიელ ჰაკეტი გამოირჩნენ. 12-12 ქულა ჰქონდათ ალესანდრო ჯენტილეს და ლუიჯი დატომეს.
სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებს მორიგი საკონტროლო მატჩი 27 აგვისტოს ელის, როდესაც ლიუბლიანის “სტოჟიცე არენაზე” სერბეთს გაეჯიბრება.
სლოვენია – იტალია 76:67 (19:20, 19:9, 15:22, 23:16)
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (14 წ. 3 პ.), ნიკოლიჩი (23 წ. 11 ქ. 4 მ.), ზ.დრაგიჩი (22 წ. 11 ქ. 5 მ.), ბალაჟიჩი (33 წ. 9 ქ. 6 მ.), სლოკარი (22 წ. 15 ქ. 6 მ.); რუპნიკი (5 წ. 2 ქ.), ბლაჟიჩი (12 წ. 2 ქ.), ზუპანი (8 წ. 3 ქ.), ზაგორაცი (4 წ.), ომიჩი (12 წ. 4 ქ. 3 მ.), კლობუჩარი (16 წ. 7 ქ. 4 მ. 4 პ.).
მწვრთნელი: იურე ზდოვცი.