რაგბი

19:39 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ხმალაძე: “ასეთ ფიზიკურ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ”

როგორი იყო კრიოთერაპიის კურსი, მინუს 120 გრადუსიან კამერებში შესვლა და რა მისცა ამან უშუალოდ მოთამაშეებს, ამის შესახებ თბილისის “ლელო-სარასენსისა” და საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე თავად მოგვიყვება.

- მზადების ორი ეტაპი უკან მოიტოვეთ. ყველაზე დიდ ინტერესს მინუს 120 გრადუსიან კამერებში შესვლა იწვევდა. რას გრძნობთ ამ ყველაფრის შემდეგ?

- თავიდან ყველა ვფიქრობდით, მინუს 120 გრადუსში როგორ უნდა შევსულიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2-3 წუთით იქ გაჩერება შესაძლებელი ყოფილა. ხალისით შევდიოდით და ეს დრო სიცილში გადიოდა. 3 წუთზე მეტხანს რომ გავჩერებულიყავით, აი მერე უკვე ალბათ ვეღარ გავიცინებდით. ციოდა, მაგრამ საუკეთესო შეგრძნება იყო გამოსვლის შემდეგ. პირადად თავს უფრო აღდგენილად ვგრძნობდი, დაღლა რაღაც მომენტში ერთიანად მეხსნებოდა. რაც შეეძლება განვლილ პერიოდს, ყველაფერმა გეგმაზომიერად ჩაიარა. პროფესიონალები მუშაობდნენ, რომელთაც თავისი საქმე კარგად იციან და ეს ყველაფერს ემჩნეოდა. პირადად მე მზადებით და შედეგით კმაყოფილი ვარ. პროგრესი განვიცადე როგორც გამძლეობის, ასევე წონების მხრივ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაც რაგბის ვთამაშობ, ასეთ ფიზკურ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ.

- ეს იმის წინაპირობა უნდა გახდეს, რომ გუნდის მსოფლიო თასზე ოთხი წლის წინანდელზე უკეთეს ფორმაში უნდა იყოს.

- ვფიქრობ, რომ ახლა ერთი თავით მაღლა ვდგავართ. უფრო კონკრეტულად ამას მსოფლიო თასზე, თამაშებისასა დავინახავთ.

- აქამდე მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები იყო თუ ტაქტიკაზეც იმუშავეთ?

- პირველ მოსამზადებელ ეტაპზე ტაქტიკაზე არ გვიმუშავია. ის ვარჯიშებიც კი, რაც ბურთით სრულდებოდა, ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. მეორე ეტაპზე ნაწილობრივ ტაქტიკური ელემნეტებიც ჩაერთო. სულ მალე ამხანაგური მატჩები გველის და დროა ვიცოდეთ ის, რაც მოედანზე უნდა გავაკეთოთ.

- ტონგამ და არგენტინამ შემადგენლობები უკვე დაასახელა. რას უნდა ველოდოთ მსოფლიო თასის ოთხი თამაშიდან?

- მეტოქეების შემადგენლობები პირადად მე არ მინახია. თამაშამდე დიდი დროა და ჯერ ძნელია იმის ვარაუდი, კონკრეტულ თამაშს ვინ რა შემადგენლობით ჩაატარებს. ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით, უწინარესად ტონგასთან სათამაშოდ. ავწონ-დავწონეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე მოწინააღმდეგეების. ამის მიხედვით ვამუშავებთ გარკვეულ ელემენტებს და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დანარჩენი უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება.

0.178783