რაგბი

16:26 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “პოლონურმა შეკრებამ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პირველი ორი ეტაპი მოილია და ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, დღეს ნაშუაღამევს დასკვნითი ეტაპისთვის ინგლისში მიემგზავრება.

განვლილ მოსამზადებელ ეტაპებზე და პოლონურ შეკრებაზე, ასევე მეტოქეების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს ვესაუბრეთ:

- მსოფლიო თასისთვის მზადების ორი ეტაპის შემდეგ, რა მდგომარეობაში არიან ბიჭები და რა შედეგი მოგცათ პოლონეთში განვლილმა კრიოთერაპიის კურსმა?

- კრიოთერაპიის შედეგად მორაგბეებმა მარტივად შეძლეს ძალების აღდგენა და ეს თვალსაჩინოა. ახლა ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ თითქოს ამხელა დატვირთვები და ასეთი რთული ეტაპები არ გაუვლიათ და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. პოლონეთში სხვა სახის ვარჯიშებიც გვქონდა. იქ იდეალური ბაზა დაგვხდა საუკეთესო პირობებით და ვივარჯიშეთ როგორც მოედანზე, ასევე დარბაზში. ამ ეტაპის შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბიჭები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ.

- 24 აგვისტოს, დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე ინგლისში რამდენი მორაგბე გაემგზავრება?

- დასვენების კვირის დასრულების შემდეგ, ბიჭები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ შევამოწმებთ როგორ ჩაიარა აღდგენითმა პროცესმა. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ტრავმები არავის აწუხებს და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ იმ მორაგბეების სიას, რომლებიც ინგლისში გაემგზავრებიან, ხოლო საბოლოო, 31-კაციანი განაცხადი 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.

- შემადგენლობები უკვე გამოაცხადეს ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა - არგენტინამ და ტონგამ. რაიმე სიურპრიზები ხომ არ ყოფილა?

- არანაირი სიურპრიზები. ორივე მათგანი მსოფლიო თასზე უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. ჩვენ ვნახეთ მათი თამაშები და შეგვიძლია ახლავე ვთქვათ, რომ ტონგაც და არგენტინაც მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში ხვდება.

- მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას უნდა ვეთამაშოთ, რომელიც “ჰაკას” შეასრულებს და ჩვენ რას დავუპირისპირებთ მათ ამ მომენტში?

- ჩვენ ვიდგებით ამაყად და მათ “ჰაკას” ჩვეულებრივად მივიღებთ.

0.118202