საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი მატჩი ჩაატარა. ოლივერ გეგანმა ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ჯაბამ "ნანტისთან" გამართულ შეხვედრაში მე-40 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 53-ე წუთზე კი მის ნაცვლად მოედანზე მფულუ შევიდა, ამ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, საბოლოოდ კი თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გაშვებული გოლით “რეიმსმა” 0:1 წააგო.
საქართველოს ერონულ ნაკრებში გამოძახებული გიორგი მაკარიძის “ფეირენსე” პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მესამე ტურში შინ “მაფრას” დაუხვდა და 0:2 წააგო. სტუმრებმა ქართველ მეკარეს 25-ე და 57-ე წუთებზე გაუტანეს.
რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “სპარტაკმა” სტუმრად “ამკარი” 3:1 დაამარცხა. მოსკოველთა განაცხადში გახლდათ ჯანო ანანიძე, თუმცა მატჩში ჩართვის შესაძლებლობა ქართველს დმიტრი ალენიჩევმა არ მისცა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველი ტურის მატჩში “ომონიამ” “ნეა სალამისი” მიიღო და 5:3 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა.
ქართველთა“პაფოსმა” საკუთარ მოედანზე ლარნაკას “აეკი” მიიღო და შეხვედრა 0:2 დათმო. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს გია გრიგალავამ, როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ, ამ უკანასკნელმა კი მოედანი ორი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ 70-ე წუთზე დატოვა. ელგუჯა გრიგალაშვილი 62-ე წუთზე მოუტინიოს ნაცვლად ჩაერთო მატჩში, ხოლო ნიკა გელაშვილი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
აკაკი გოგიას “ბრენტფორდმა” ჩემპიონშიფის 2015/16 წლების სეზონში პირველი მარცხი (0:1) “ბარნლისთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში განიცადა. გოგია სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მოედანი 58-ე წუთზე დატოვა.