ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც კლასითა და გამოცდილებით ერთი გუნდი მეორეს აღემატება. თბილისურ დერბიში “დინამომ” ნომინალური სტუმრის რანგში “ლოკომოტივს” შანსი არ დაუტოვა და ერთი ამოსუნთქვით მოუგო. თუმცა, ამას თავისი გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა. მარტო ის რად ღირს, რომ “რკინიგზელებმა” ლამის ერთ საათზე მეტი მოედანზე კაცნაკლულებმა დაჰყვეს.
გია გეგუჩაძის გუნდმა 4 გოლი გაიტანა, ერთი ამდენიც უნდა გაეტანა. აკი აღნიშნა კიდეც გამოცდილმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ჩემი გუნდის თამაშში ბევრი ხარვეზი იყოო და ალბათ, უწინარესად სწორედ გამოუყენებელ მომენტებს გულისხმობდა.
არადა, ვასილ მაისურაძის “ლოკომოტივმა” თამაში ჩინებულად დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე გიორგი დიასამიძემ სტუმარი მცველების უხეირო თამაშის შედეგად იხეირა. მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. 19 წლის გიორგი თევზაძემ ისეთი გოლი გაიტანა, ნებისმიერი რანგის მატჩს რომ დაამშვენებდა. მარტივად რომ დავარქვათ, “ევროგოლი” შეაგდო... საერთოდ, ეს ბიჭი ასე თუ გააგრძელებს, დიდი შანსია საკმაოდ კარგი კარიერა გაიკეთოს. ყოველშემთხვევაში, მას საამისო პოტენციალი რომ აქვს, ცხადზე ცხადია. გარდა გოლისა, ექსსაბურთალოელი თავის ფლანგზე მეტად აქტიური იყო და მესამე გოლის დროს ასისტენტობაც გასწია (ჯიღაურმა ცარიელ კარში გაიტანა). ეს 38-ე წუთზე იყო, მანამდე კი პენალტით გატანა მათე ცინცაძემაც მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მათემ ყოფილი გუნდის კარის აღება არ აღნიშნა.
თუ პირველ ტაიმში მასპინძლები მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდნენ და ასე თუ ისე რამდენიმე კარგი შანსიც მიეცათ, მეორე ტაიმი მთლიანად ცალკარა გახლდათ. ძნელია გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც “ლოკომოტივი” მეტოქის ნახევარზე ხეირიანად გადავიდა თუ არ ჩავთვლით მამია გავაშელიშვილის განიავებულ მომენტს, როცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ ივარგა. “დინამოს” კი პირიქით – მეორე ტაიმში გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე პირველში. საბოლოოდ, მატჩს წერტილი ცენტრალურმა მცველმა ზაზა ჭელიძემ დაუსვა, ვინაც ალექსანდრე იაშვილის გამოზომილი გადაცემა თავური დარტყმით დაასრულა.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, რაც დიდად გასაკვირი არც ყოფილა.
ვასილ მაისურაძე (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “მძიმე მატჩი გამოვიდა. 10 კაცით დასაწყისშივე დავრჩით და ძლიერ მეტოქესთან წავაგეთ. რა თქმა უნდა კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და ჩემი გუნდის თამაშში სამომავლოდ მწვანე შუქიც დავინახე”.
გია გეგუჩაძე (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “დასაწყისში თამაშის ხარისხი ვერ იყო კარგი. ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი გვაქვს, რაზეც მუშაობა და გამოსწორება გვმართებს. სასიამოვნოა ის, რომ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა გვაქვს”.
“ლოკომოტივი” – “დინამო” (თბილისი) 1:4 (1:3)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
“ლოკომოტივი” (3-5-2): კუპატაძე; ღაღანიძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი; ბენაშვილი, ქიქავა, სამურკასოვი (ქანთარია 79), კიკნაძე (არდაზიშვილი 57), უბილავა; დიასამიძე (ჩიხლაძე 70), გავაშელიშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
“დინამო” (4-2-3-1): ბეგაშვილი; ტვილდიანი, ჭელიძე, გველესიანი, თევზაძე; ცინცაძე (ჯანელიძე 55), პარუნაშვილი; კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 63), იაშვილი, ჯიღაური; ქვილითაია (ვოლკოვი 73)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 1:0 დიასამიძე (7), 1:1 თევზაძე (17), 1:2 ცინცაძე (29, პენ), 1:3 ჯიღაური (38), 1:4 ჭელიძე (82)
გაფრთხილება: უბილავა (15) – ქვილითაია (45)
გაძევება: ღაღანიძე (28)
მსაჯი: ლაშა სილაგავა