საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მეტოქე დაამარცხა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა ბელგიის ეროვნულ გუნდს 2 ქულის სხვაობით – 70:68 სძლიეს.
საქართველომ ერთი შეხედვით ცუდად ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და გუნდი, რომელიც მატჩის 2/3 აგებდა და შემდეგ ისე იმარჯვა, რომ საკუთარი თავისთის ძალა არ დაუტანებია, უფრო ქების ღირსია. აღსანიშნავია, რომ ბელგია ის გუნდია, 1 კვირის წინ სპარინგ-მატჩში საბერძნეთს რომ სძლია, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ბრძოლაში, 4 ქულით წააგო.
ბელგიელებმა მოხსნებში, პასებში და ჩაჭრა-დაკარგვებში გვაჯობეს და იმიტომ წააგეს, რომ ქართველებმა ოდნავ უკეთესი შედეგიანობით ესროლეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია საქართველოს ნაკრების 21 ცდიდან ჩაგდებული 20 საჯარიმო, რაც ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გახლავთ.
ბელგიელებმა ქართველებზე 2-ით მეტი სამქულიანი და 3-ით მეტი ორიანი ჩააგდეს, თუმცა სწორედ ჯარიმები იყო ის კომპონენტი, რომლის წყალობითაც ქართველებმა იმარჯვეს. იგორ კოკოკოვის გუნდმა 20, ხოლო ბელგიელებმა - 10 საჯარიმო ჩააგდეს.
გამოსარჩევია ზაზა ფაჩულიას შედეგი, რომელმაც 11-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში კი 17 ქულით საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი გახდა. 13 ქულით დაასრულეს შეხვედრა ახალგაზრდა ბექა ბურჯნაძემ და ჯეიკობ პულენმა, ხოლო ვიქტორ სანიკიძე 11 ქულითა და 10 მოხსნით მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
ბოლო წუთებზე ქართველებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და ამის წყალობით იმარჯვეს. კოკოშკოვის გუნდი საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 69:64 იგებდა, თუმცა შეტევაში მიზანი აერია და ბურთებიც დაკარგა. ამით ბელგიელებს შანსი მიეცათ და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა, ბოლო ორ შეტევაში ქართველების დაცვამ ბელგიელებს ანგრიშის გათანაბრების შანსი არ მისცა.
საქართველოს ნაკრები რუანში მორიგ მატჩს 21 აგვისტოს, მასპინძელ საფრანგეთთან გამართავს, რომელსაც ჟოაკიმ ნოას გარდა ყველა ვარსკვლავი ჰყავს. ამ მატჩისთვის “კინდარენას“ 6000 ბილეთი მთლიანად გაყიდულია.
კოტე ტუღუში, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი: “ეს ის შემთხვევაა, როდესაც გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ხარ, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე, ბიჭებზე საყვედურის თქმა არ შეიძლება. ძალიან რთული თამაში იყო. თითქმის მთელი მატჩი ჩამოვრჩებოდით. საბოლოოდ, შევძელით თამაშის გამოსწორება და ძლიერი მეტოქე პირველ რიგში, დაცვის ხარჯზე დავამარცხეთ. ეს კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ახლა, ევროპის ჩემპიონებს ვეთამაშებით და ვიცით, რომ 6-ათასიან “კინდარენაზე“ ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს იქნება დიდი გამოცდა ჩვენი ნაკრებისთვის და ჩვენც, მწვრთნელებიც ვეცდებით, რომ ვარსკვლავებთან თამაში მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენოთ“.
ამხანაგური მატჩი. რუანი, საფრანგეთი. 20 აგვისტო
საქართველო – ბელგია 70:68 (22:25, 16:20, 20:12, 12:11)
საქართველო: ცინცაძე (10), მარკოიშვილი (2), სანიკიძე (11 ქულა, 10 მოხსნა), ბურჯანაძე (13), ფაჩულია (17 ქულა, 5 პასი); პულენი (13), ფხაკაძე, შერმადინი (2), სანაძე (2), ფაცაცია
www.gbf.ge