ფიბა-ევროპამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილისთვის მატჩი დაამატა, რაც 2016 წლის რიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ევროპისთვის 1 ადგილის დამატებითაა გამოწვეული.
ტოკიოში გამართულ ფიბა-ს ცენტრალური საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრში ევრობასკეტ-2015-ის მესამე-მეშვიდე ადგილებზე გასული გუნდები (მესამე-მეექვსეს ნაცვლად) გადაერთვებიან, ჩემპიონი და ფინალისტი კი ოლიმპიური თამაშების საგზურებს ავტომატურად მიიღებენ.
შესაბამისად, ფიბა-ევროპამაც სექტემბერში დაგეგმილი ევროპირველობის კალენდარში ცვლილება შეიტანა. 17 სექტემბერს მეხუთე-მერვე ადგილებისთვუს მატჩები ჩატარდება, 18-ში კი წაგებულები სწორედ ოლიმპიადის კვალიფიკაციაში გამსვლელი მე-7 საფეხურისთვის იბრძოლებენ.
უკვე ცნობილია, რომ რიოს თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრში მსოფლიოს 18 ნაკრები ჩაებმება, რომლებიც ექვსულებად გაიყოფიან, ჯგუფების 3 გამარჯვებული კი ბრაზილიაში გამგზავრების უფლებას მიიღებს.
სულ, ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები ითამაშებს, რომელთაგან სამის ვინაობა უკვე ცნობილია: მასპინძელი ბრაზილია, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აშშ და ოკეანეთის 2015 წლის ჩემპიონი ავსტრალია.