რაგბი

18:36 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საჩუქრები “ბორჯღალოსნებს” მსოფლიო თასის წინ

დღეს შუადღისას, “შევარდენის” სანაკრებო ბაზას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომელთაც საქართველოს რაგბის კავშირს და მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და მცირედი საჩუქარი გაუკეთეს.

სპეციალურ პრესკონფერენციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, “ბორჯღალოსნები” ლაშა ხმალაძე და ვაჟა ხუციშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ესწრებოდნენ.

“საქართველოს რაგბის კავშირს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ქალების, გოგონებისა და აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საქმეში. უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ შეიცვალა და დღეს ასეთი ტიპის ძალადობა უფრო მიუღებელი გახდა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მორაგბეებს მათი ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ რაგბის, ზოგადად სპორტს, შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოში ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის საქმეში. ჩვენი და რაგბის კავშირის პარტნიორობა უნიკალური და მისაბაძი მაგალითია საერთაშორისო დონეზე. ბევრი უკვე იზიარებს ამ გამოცდილებას და განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ასეთი თანადგომისთვის” - განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.

სტუმარმა “ბორჯღალოსნებს” საჩუქრად გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის “გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად” ლოგოთი ბრენდირებული სპორტული ატრიბუტიკა გადასცა.

გიორგი ნიჟარაძე: “უწინარესად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. კარგად მახსოვს 2011 წელი და ის პირველი დღე, როდესაც გოგონები გვეწვივნენ და გაგვაცნეს სტატისტიკა, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. ვერასროს წარმოვიდგენდი, ასეთი რამ საქართველოში თუ ხდებოდა და ციფრებს რომ დავხედე, თმები ყალყზე დამიდგა. რა თქმა უნდა უყოყმანოდ დავთანხმდი თანამშრომლობას. შეიძლება ეს ანომალიური მოვლენა 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობდეს და მომავალშიც მაქსიმუმს გავიღებთ მის აღმოსაფხვრელად. ეს ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას, ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებას და ქართველების ქალისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ენაშიც ნათლადაა გამოხატული”.

მილტონ ჰეიგი: “მეოთხე წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და დიდი სიამაყით ვმონაწილეობ ამ კამპანიაში. გარდა მორაგბეებისა, ჩვენ ვართ ქმრები, გოგონების მამები და ეს პრობლემა ჩვენს გულებთან ძალიან ახლოს დგას. არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ვითამაშებთ თუ მის ფარგლებს გარეთ, მუდამ მზად ვართ გვერდში დაგიდგეთ”.

ამის შემდეგ შედგა მცირე ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია, სადაც პატარა გოგონები მადლობას უხდიან ქართველ მორაგბეებს თანადგომისთვის. ამ ამაღელვებელი სანახაობის შემდეგ, ხმალაძესა და ხუციშვილს სიმბოლურად გადაეცათ ზემოთნახსენები სპორტული ხელჩანთები, დანარჩენი ნაკრების წევრები კი, მათ მოგვიანებით მიიღებენ.

0.163091