პოლონეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ტეილორმა ის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
გუნდს მიღმა ბოლო მომენტში დარჩა ვეტერანი ადამი ჰრიჩანიუკი, რომელმაც ცენტრის პოზიციაზე მარჩინ გორტატის და 21 წლის პჟემისლავ კარნოვსკის კონკურენციას ვერ გაუძლო.
ცხადია, 31 წლის გორტატი, რომელიც ამჟამად “ვაშინგტონ უიზარდსში” ირიცხება, პოლონელთა უმთავრესი ვარსკვლავია. ნაკრებში მოხვდა ნატურალიზებული ამერიკელი მსროლელი ეი ჯეი სლოტერიც, რომელმაც ივლისში კონტრაქტი თურქულ “ბანვითთან” გააფორმა, გასულ სეზონში კი ბერძნული “პანათინაიკოსის” ღირსებას იცავდა.
პოლონელთა სრული შემადგენლობა ასეთია: ალეკსანდრ ჩიზი (ტუროვი), აარონ ჩელი (მონაკო, საფრანგეთი), ეი ჯეი სლოტერი (ბანვითი, თურქეთი), დამიან კულიგი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), მატეუშ პონიტკა (ჟიელონა გორა), დარდან ბერიშა (ციბონა, ხორვატია), ადამ ვაჩინსკი (ობრადოირო, ესპანეთი), მარჩინ გორტატი (ვაშინგტონი, NBA), ლუკაშ კოშარეკი (ჟიელონა გორა), პჟემისლავ ზამოისკი (ჟიელონა გორა), პჟემისლავ კარნოვსკი (გონზაგა, NCAA), კაროლ გრუშესკი (ჟიელონა გორა).
ევრობასკეტ-2015-ზე პოლონელები A ჯგუფში მოხვდნენ და მატჩების ჩატარება მონპელიეში მოუწევთ. მასპინძელი საფრანგეთის გარდა, მათი მეტოქეები რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი და ისრაელი იქნებიან.