ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოსამზადებელ ციკლში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ველიმირ პერასოვიჩის შეგირდებმა კაუნასში ლიტვის ნაკრები არ დაინდო და 72:59 მოიგო.
მოლოდინის მიუხედავად, მატჩში ბრძოლა არ ყოფილა. ხორვატები თავიდანვე სოლიდურად დაწინაურდნენ და თამაშისას მათმა უპირატესობამ ლამის 30 ქულას (!) უწია. ბალტიისპირელები მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გამოფხიზლდნენ, რომელშიც 26:13 იმარჯვეს და ანგარიში მცირედით შეალამაზეს.
ხორვატებმა ორქულიანები საოცარი სიზუსტით ესროლეს (26-დან 19, 73%) და 25-დან 7 სამქულიანი და 19-დან 13 საჯარიმო ჩააგდეს. მათ მასპინძლებს მოხსნებში 30:24 აჯობეს, ამასთან, ლიტველებმა მათთვის უჩვეულოდ ცოტა – 3 სამქულიანი მიითვალეს და ერთბაშად 19 დაკარგვა ჰქონდათ, რის ფონზეც მათი მარცხი სრულიად ლოგიკური იყო.
ხორვატებმა გუნდურად ითამაშეს და მათ რიგებში 5 და მეტი ქულა ერთბაშად ათმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანები კი ბოიან ბოგდანოვიჩი (12) და ლუკა ზორიჩი (11) იყვნენ. ბალტიისპირელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ რენალდას სეიბუტისი (16) ასცდა.
ახლა, ხორვატი კალათბურთელები მცირე პაუზას აიღებენ და მორიგ ტურნირს უკვე იმ “არენა ზაგრებში” უმასპინძლებენ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩებს მიიღებს. 26-28 აგვისტოს ხორვატთა მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი და ისრაელი იქნებიან.
ლიტვა – ხორვატია 59:72 (9:19, 9:20, 15:20, 26:13)
ხორვატია: ტომიჩი (16 წ. 6 ქ. 4 მ.), რუდეზი (18 წ. 5 ქ.), სტიპჩევიჩი (20 წ. 2 ქ.), ბოგდანოვიჩი (23 წ. 12 ქ. 5 მ.), სარიჩი (16 წ. 5 ქ.), ტომასი (13 წ. 9 ქ.), უკიჩი (20 წ. 6 ქ.), სიმონი (23 წ. 9 ქ. 5 მ. 4 პ.), ზუბჩიჩი (6 წ. 2 ქ. 3 მ.), ბილანი (8 წ. 3 მ.), ზორიჩი (16 წ. 11 ქ.), ჰეზონია (21 წ. 5 ქ.).
მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლიტვა ვეღარაა ისეთ დონეზე თორე უდიდესი საკალათბურთო კულტურის მქონე ქვეყანაა,მე ვისთანაც მქონია შეხება ლიტველებთან იმათგან ვიცი რო თავის ქვეყანაში სექონდ რელიჯიონ ასე ეძახიან ამ. სპორტს.
ეს ტომასი ვიღაა, ლაფაიეტის მაგივრად მოიყვანეს?