რაგბი

18:36 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ინგლისამდე ერთი კვირა ისვენებენ

2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო ფორუმისთვის მზადების პროცესის დიდი ნაწილი უკან მოიტოვა და მესამე ფაზას ინგლისში შეუდგება, სადაც “ბორჯღალოსნები” 24 აგვისტოს გაემგზავრებიან.

მზადების პირველი ორი ფაზა საკმაოდ დამღლელი და ინტენსიური ვარჯიშებისგან შედგებოდა. “ბორჯღალოსნები” ივნისის ბოლოს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, 2015 წლის თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ. პირველი ფაზა სამკვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული ვარჯიშებისგან შედგებოდა. ამ პერიოდში ვარჯიშებს ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელთა ჯგუფი ინგლისელი სპეციალისტის, ინგლისის ნაკრების ყოფილი მაწრთობის, ქელვინ მორისის ხელმძვანელობით უძღვებოდა.

პირველი ფაზის დასრულებისა და ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მზადების მეორე ფაზას შეუდგნენ, რომლის განმავლობაში ნაკრებმა 9 დღე “შევარდენზე” დაჰყო, ხოლო 10 დღის განმავლობაში პოლონეთში, ცეტნიევოს ოლიმპიურ ცენტრში ივარჯიშა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა - “ბორჯღალოსნებს” ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო-კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.

ჩვენმა ნაკრებმა პოლონური შეკრება 15 აგვისტოს დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა. “ბორჯღალოსნები” მიმდინარე მზადების პროცესის განმავლობაში მეორედ დაისვენებენ და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 24 აგვისტოს მესამე ფაზისთვის ინგლისში გაემგზავრებიან.

მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები სამ საკონტროლო მატჩს ინგლისის ავივა პრემიერშიპის კლუბ “ნიუკასლ ფალკონზთან”, კანადისა და იაპონიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნები” პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს ტონგას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ნაკრების 31-კაციანი რაზმი, რომელიც ინგლისში გაემგზავრება, 1 სექტემბერს დასახელდება, ხოლო 2015 წლის მსოფლიო თასის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია აგვისტოს ბოლოს შედგება.

მანამდე მზადების პროცესზე, განვლილ წლებზე და სამომავლო მოლოდინებზე გუნდის ლიდერები, მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი მოგვიყვებიან.

მამუკა გორგოძე: 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე ძირითადად ფიზმომზადების იმედად ვიყავით. სულ მესმოდა, რომ მთავარია ფიზიკურად ვიყოთ კარგად და ამის ხარჯზე ვაპირებდით შედეგის მიღებას. ახლა მოთხოვნები გაიზარდა და მხოლოდ ფიზიკაზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული. როგორც გუნდი, საქართველოს ნაკრები წინ წავიდა. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება საუბარი, რომ ტონგასთან და არგენტინასთან თამაშებს 100 პროცენტით მოვიგებთ. არ უნდა იყოს ასეთი მოლოდინი, რადგან ჩემი აზრით ჩვენთან ორივე ფავორიტია. თუმცა, თუ ადრე ვფიქრობდით, რომ გავიდეთ და არ შევრცხვეთ, ფიზიკურად კარგად ვიყოთ, რომ ბოლომდე გავძლოთ, ახლა მეტის იმედი გვაქვს. წინა წლებთან შედარებით, ნაკრების პროგრესი სახეზეა, მაგრამ მეტოქეებიც უფრო კბილებალესილი დაგვხვდებიან.

პირველ ყოვლისა, მსოფლიო თასზე ყველას უნდა, რომ კარიერაში უმაღლესი დონის თამაშები ჩაატაროს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტური თამაშები დაიწყო. უნდა ითამაშო გუნდურად, მაგრამ მაღალ დონეზე იდგეს პირადად შენი თამაში. მეორე, საქართველოს გულისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ გვექნება მაგარი შერკინება და რაც გვაქვს, ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. გაშლილი თამაში და ოფლოუდები ლამაზია, მაგრამ პირადად მე მირჩევნია ცუდი თამაში ვაჩვენოთ და მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ. მოლი და შერკინება, ასევე მოკლე დარტყმები მართლა ძლიერი გვაქვს და დამიჯერეთ, ესაა რაგბის 80 პროცენტი. კონცენტრაცია ზემოთჩამოთვლილ კომპონენტებზე უნდა გავაკეთოთ და თუ ლამაზი თამაშიც გამოვა, ხომ კარგი. თამამად ვიძახი, შერკინებაში ყველაზე მაგარი ბიჭები გვყავს და ქართველებს ყველაზე მაგარი სახელი აქვთ საფრანგეთის ჩემპიონატში.

დავით ზირაქაშვილი: გინდ ტონგა და გინდ არგენტინა, უკვე აღარ უყურებს საქართველოს სუსტ გუნდად. თუ აქამდე ფიქრობდნენ, რომ საქართველო მსოფლიო თასზე შემთხვევით ხვდებოდა, ახლა იქ მეოთხედ მივემგზავრებით და აღარ უკვირთ ჩვენი სიძლიერე. ისე გიყურებენ, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს და არ დაგვხვდებიან მოდუნებულად. ადრე სხვაგვარად იყო. 2007 წელს ირლანდია არ მოელოდა საქართველოსგან ასეთ წინააღმდეგობას, მაგრამ დღეს მათ ისევ რომ შევხვდეთ, ისე აღარ გამოვა, როგორც მაშინ. ისტორია რაც უფრო ხანდაზმული ხდება, საქართველოს ნაკრებიც წინ და წინ მიიწევს.

წლები სვლას განაგრძობს და მნიშვნელოვანია, რომ გუნდის პროგრესს ინფრასტრუქტურაც მიჰყვეს, თორემ ისევე დაგვემართება, როგორც რუმინეთს. მახსოვს, რუმინელები უელსს და მის დარ გუნდებს ამარცხებდნენ, მაგრამ წლები გავიდა, მათ პროგრესს ინფრასტრუქტურა არ მიჰყვა და ახლა სად არიან რუმინელები ყველა ვხედავთ. მსგავსი რომ არ დაგვემართოს, ამისთვისაა საჭირო, რომ პროგრესს სახელმწიფოც მიჰყვეს.

მსოფლიო თასზე ყველა ჩვენგანს ერთადერთი დავალება გვაქვს - გავიდეთ მოედანზე და ბოლომდე დავიხარჯოთ. შეიძლება ეგოისტურად გამომდის და ვაღიარებ, რომ მარტო პირველი ხაზი ვერაფერს მოახერხებს უკან მყოფები თუ არ მოგყვნენ, თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მაგარი ის იქნება, თუ შერკინებაში მაგრად დავდგებით. თუ ეს არგენტინასთან თამაშში მოვახერხეთ, ჩემთვის ეს დავალება უკვე შესრულებული იქნება.

მიხეილ ნარიაშვილი: სასიამოვნოა, რომ გაფართოებულ შეკრებაზე მყოფი 48-ვე მორაგბე ერთმანეთის ახლო მეგობრები ვართ. ნაკრებში ოჯახური გარემოა შექმნილი და ჩემი აზრით, ეს უპირველესია. ასეთი გარემო რომ არ იყოს, დატვირთვების ფონზე გუნდში ის სიტუაცია არ გვექნებოდა, რაც ახლა გვაქვს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინგლისში დასახული ამოცანა შევასრულოთ. პირადად ჩემთვის სასიამოვნოა ამ ადამიანების გვერდით ყოფნა. ყველა სპორტსმენის ოცნებაა ეროვნული ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და არც მე ვარ გამონაკლისი.

მეც ვაღიარებ, რომ შერკინებაში, რომელშიც 8 კაცი დგას, მარტო პირველი ხაზი ვერაფერს გააკეთებს. ჩემი სურვილია, რომ ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და საშიში შერკინება. თუ გვაქვს ამბიცია, რომ ამ კომპონენტში ყველა დავჩაგროთ, ეს ჰაერიდან, უსამართლოდ მოსული ამბაცია სულაც არაა. თუ შევძელით ერთ მუშტად შეკვრა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ვფიქრობ, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, აქცენტიც სწორედ იმაზე უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება საერთო მიზანს, ერთი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და დანარჩენებში მაქსიმუმი გავიღოთ, რადგან იმ სამ თამაშში ფავორიტები ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2015 წლის მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე

უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 84 კეპი, 642 ქულა - 12 ლელო, 108 გარდასახვა, 119 ჯარიმა, 3 არეკნი,), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 20, 83 - 2 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 8, 0), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 48, 25 - 5 ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 29, 20 - 4 ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილის, 6, 5 - 1 ლელო), გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 3, 0), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 81, 85 - 17 ლელო), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 34, 35 - 7 ლელო), გიორგი ტალახაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 2, 0), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 56, 144 - 3 ლელო, 27 გარდასახვა, 22 ჯარიმა, 3 არეკნი), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 38, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 34, 0), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 19, 0), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 5, 0);

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 26, 5 - 1 ლელო), ვასილ კაკოვინი (ტულუზი, საფრანგეთი, 24, 5 - 1 ლელო), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 19, 35 - 7 ლელო), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 10, 5 - 1 ლელო), სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 32, 0), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი, 29, 15 - 3 ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები, ბოლნისი, 27, 5 - 1 ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 48, 45 - 9 ლელო), დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 39, 10 - 2 ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 23, 15 - 3 ლელო), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 15, 5 - 1 ლელო), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 83, 50 - 10 ლელო), გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 49, 45 - 9 ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 34, 10 - 2ლელო), ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 24, 10 - 2 ლელო), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 69, 15 - 3 ლელო) ოთარ გიორგაძე (აია, ქუთაისი/კლერმონი, საფრანგეთი, 2, 5 - 1 ლელო), მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი, 59, 120 - 24 ლელო), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 48, 5 - 1 ლელო), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 31, 15 - 3 ლელო), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 20, 5 - 1 ლელო), საბა შუბითიძე (აკადემია, თბილისი, 3, 0), ბექა გიორგაძე (მონ დე მარსანი, საფრანგეთი, 2, 0), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი, 38, 30 - 6 ლელო), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 15, 15 - 3 ლელო), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 12, 10 - 2 ლელო).

მომზადებულია rugby.ge- მსოფლიოს თასისწინა შეკრების დღიურის ეპიზოდების მიხედვით

0.116087