კალათბურთი

19:52 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი-ოფში გასვლაა”

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასის შემდგომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. იგორ კოკოშკოვის გუნდი 19 აგვისტოს საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელთა ძლიერი ნაკრების გარდა, ბელგიის გუნდიც იქნება. იქედან კი ქართველი კალათბურთელები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გადაინაცვლებენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ერთად რუსეთის ნაკრებსა და მიჩიგანის უნივერსიტეტს დაუპირისპირდებიან.

როგორც worldsport.ge-ს საქართველოს ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განუცხადა, გუნდისთვის თბილისის მერიის თასი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან იტალიის დარ გუნდებთან თამაში ყოველთვის სასიკეთოა. მისივე თქმით, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებს.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას თბილისის მერიის თასზე?

- მერიის თასს დადებითად შევაფასებ. ძალიან კარგი თამაშები გამოვიდა და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატის წინ ასეთი სახის ტურნირზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. დავინახეთ ის სუსტი წერტილები, რომელზეც მუშაობა გვმართებს. იტალიის ნაკრები ძალიან მაღალი კლასის გუნდია და ასეთი დონის გუნდებთან თამაში აუცილებლად წაგვადგება.

- რამდენად არის მზად ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის?

- რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მზად არ ვართ. ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, 18 დღე. მანამდე ორი შეკრება გვაქვს, ამ დროის განმავლობაში აუცილებლად უკეთ შევთამაშდებით და ევროპირველობას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- რა იქნება ჩვენი ნაკრების მიზანი ევროფორუმზე?

- მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი-ოფში გასვლაა. მთავარია თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ და დავისახოთ მიზანი. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოსვლისთვის ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჩ ჯგუფში მასპინძელ ხორვატიას, ჰოლანდიას, საბერძნეთს, სლოვენიასა და მაკედონიას დაუპირისპირდება. პირველ მატჩს კოკოშკოვის შეგირდები 5 სექტემბერს ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.138654