ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ბილბაოს” დამარცხება ვერ მოახერხა და ყველა ტიტულის მოგებაზე ოცნება შეწყვიტა.
მასპინძლებს ურთულესი ამოცანა ჰქონდათ შესასრულებელი, მათ ოთხბურთიანი ფორა უნდა აღმოეფხვრათ და გასაკვირი არ გახლდათ, რომ კატალონიელები თავიდანვე მთელი ძალებით მიაწვნენ მეტოქეს.
პირველი სახიფათო ეპიზოდი ირაისოსის კართან მე-5 წუთზე შეიქმნა, პედროს ოდნავ უმტყუნა მიზანმა. ერთ წუთში ხერარდ პიკეს შეეძლო გატანა, მაგრამ მან ახლო მანძილიდან ხარიხას გაარტყა ბურთი.
“ბლაუგრანას” შეტევებს ბასკები არ დაუბნევია. პირიქით, მათ თამაშის დალაგება მოახერხეს და თამაში სასურველ რითმში გადაიყვანეს. კატალონიელებს მომენტების შექმნა უჭირდათ, ხოლო სტუმრები საკუთარ შანსს ეყოდნენ და 37-ე წუთზე ჰქონდათ კიდეც – ერასომ მშვენივრად ითამაშა და მასკერანო მარტივად ჩამოიშორა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
“ბარსელონამ” შესვენებამდე ერთი გააზრებული შეტევის განხორციელება მაინც მოახერხა, რომელიც გოლით დასრულდა. ივან რაკიტიჩმა საჯარიმოში ლუის სუარესს ჩაუწოდა, რომელმაც მკერდით მესის დაუგდო ბურთი და არგენტინელმა ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.
ლუის ენრიკეს შეგირდებმა გოლი საჭირო დროს გაიტანეს და გულშემატკივრებს წარმატების იმედი ჩაუსახეს, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში კატალონიელთა იმედი ფაქტობრივად დასამარდა – ხერარდ პიკე გვერდით მსაჯს განურისხდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ველასკო კარბალიომ არ აპატია და წითელი ბარათი უჩვენა.
რიცხობრივი უპირატესობა “ბილბაომ” კარგად გამოიყენა და 74-ე წუთზე წინა მატჩის გმირმა არიც ადურისმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
დარჩენილ 15 წუთში ყველაზე გამოსარჩევი კიკე სოლას გაძევებაა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან 5 წუთში მასკერანოსთან უხეში თამაში გამო დაიმსახურა წითელი ბარათი.
ამრიგად, “ბილბაო” ისე გახდა ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული, რომ არც ესპანეთის ჩემპიონატი და არც ესპანეთის თასი არ მოუგია.
აღსანიშნავია, რომ “ლომებს” ბოლო ტიტული შორეულ 1984 წელს ჰქონდათ მოგებული. მას შემდეგ უკვე 31 წელი გახლდათ გასული და როგორც იქნა, ბასკებმა უიღბლობა უკან მოიტოვეს.
მათ აღნიშნული ჯილდოს მოპოვება არსებობის განმალობაში მესამედ მოახერხეს.
ბარსელონა – ბილბაო 1:1 (1:0)
პირველი მატჩი - 0:4
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, მატიე, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (რამირესი 68), ინიესტა, პედრო (ელ ჰადადი 68), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა (ელუსტონდო 68), ლაპორტე, ბოვედა, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (მ.რიკო 83), დე მარკოსი, ერასო, სუსაეტა, ადურისი (სოლა 81).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 მესი (44), 1:1 ადურისი (74).
გაფრთხილებები: პედრო – ბოვედა, ერასო, ადურისი, ბენიატი
გაძევებები: პიკე (56), სოლა (86).
მსაჯი: ველასკო კარბალიო