რაგბის ოთხთა ტურნირი, რომელშიც საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის ოთხი კლუბი მონაწილეობდა (თბილისის “ლოკომოტივი” და “აკადემია”, რუსთავის “ხარები” და ბოლნისის “ყოჩები”) რუსთავის “ხარების” ტრიუმფით დასრულდა.
თავდაპირველად ტურნირს რუსთავის სახელი უნდა რქმეოდა და თამაშებიც ამ ქალაქში გამართულიყო, მაგრამ მისი ორგანიზება საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა რომ აიღო თავის თავზე, პირველი ტურის შემდეგ ეპიცენტრმა თბილისში გადაინაცვლა და მეორე-მესამე ტურის შეხვედრებს “ავჭალის” სარაგბო სტადიონმა უმასპინძლა.
მანამდე, პირველ ტურში, “ხარებმა” “ყოჩებს” უმასპინძლა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ამხანაგური იყო და სეზონის წინ მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა, ჯარიმები კარში ურტყა და 34:26 იმარჯვა. მოგვიანებით რუსთავის სტადიონზე თბილისური დერბი შედგა და დიდ 10-ში წელს დაბრუნებულმა “აკადემიამ” ქვეყნის ვიცე ჩემპიონ “ლოკომოტივს” 2 ქულით აჯობა. გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, მაგრამ აკადემიელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 7:5.
მეორე ტურში, უკვე “ავჭალაზე”, “ყოჩები” ლელოთი და ჯარიმით ორჯერ უგებდა “ლოკომოტივს”, მაგრამ ტაიმიც დათმო და საბოლოოდ 10:30 დამარცხდა. მეორე მატჩში ერთმანეთს პირველ ტურში გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ და “ხარებმა” “აკადემიას” 19:8 სძლია, რითაც ტურნირის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მესამე ტურის პირველ შეხვედრაში “ხარებმა” “ლოკომოტივი” დაძაბულ ბრძოლაში 22:17 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე მატჩი ასევე დაძაბული და უხვქულიანი აღმოჩნდა და “აკადემიამ” “ყოჩებს” 34:26 მოუგო.