“როდესაც მეტოქე ასეთ დონეზე თამაშობს, ძნელია, მას რაიმე დაუპირისპირო. თავს ზემოთ ძალა არ არის”, - ეს სიტყვები, რომლებიც ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს და იტალიის ნაკრებთა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თამაშის მიმდინარეობას ყველაზე კარგად ასახავს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში, იტალიის დარ გუნდს თბილისის სპორტის სასახლეში არ უასპარეზია. სიმონე პიანიჯანის მიერ გაწვრთნილმა “სკუადრა აძურამ” უმაღლესი კლასის მატჩი ჩაატარა და ისევ სანიკიძის სიტყვებს დავესესხებით, “თუკი მათ ევრობასკეტზეც ამ სტილში ითამაშეს, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატები იქნებიან”.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-იტალიის დაპირისპირება თბილისის მერიის თასის დასკვნითი ტურის ეგიდით შედგა. მანამდე, მეტოქეებს ლატვიის და ესტონეთის ნაკრებები ჰყავდათ დამარცხებული, ამდენად გამარჯვებულის ვინაობა უშუალო ჯახში უნდა გაერკვიათ. თუ როგორ გაირჯებოდა საქართველოს ეროვნული გუნდი ვარსკვლავებით სავსე იტალიელთა წინააღმდეგ, უაღრესად საინტერესო გახლდათ, ამდენად, სპორტის სასახლეს გავსებამდე ცოტა დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ტრადიციულად, დედაქალაქში ხალხის სიხალვათე იგრძნობა, საკალათბურთო მატჩის საყურებლად 8 ათასამდე ქომაგი შეიკრიბა.
მატჩის სტარტი მასპინძელთათვის დიდებული გამოდგა. მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანების (საბოლოოდ, მან პერიმეტრიდან 5-დან 3 ტყორცნა გამოიყენა) დახმარებით, საქართველოს ნაკრები 17:11 დაწინაურდა, რასაც პიანიჯანის წუთშესვენება მოჰყვა და იტალიელთა შოუ-წარმოდგენაც დაიწყო. სტუმრები, რომელთაც შემადგენლობაში ნბა-ში გამობრძმედილი მარკო ბელინელი, ანდრეა ბარნიანი, დანილო გალინარი და ლუიჯი დატომე ჰყავდათ, ბურთს ჩინებულად ათამაშებდნენ და რაც მთავარია, საოცარი სიზუსტით უტევდნენ.
პირველი და მეორე მეოთხედების გასაყარზე, სამწუთიან მონაკვეთში ”სკუადრა აძურამ” 9:0 “გაქცევა” მოაწყო და მას შემდეგ უკან არც მოუხედავს. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელები ცუდად ნამდვილად არ თამაშობდნენ და პირველ ტაიმში აღებული 40 ქულა ამის დასტური იყო, თუმცა, იტალიელთა ჩუბინობამ ყველაფერი გადაფარა. უკვე საწყის ნახევარში მათ 17 ქულით დაწინაურება მოახერხეს და ბოლო წამებზე გიორგი ცინცაძის შორეული სამქულიანით ანგარიში მცირედითღა შელამაზდა – 40:52.
ქართველ უკანახაზელზე გამორჩეულად უნდა ვთქვათ. ცინცაძე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თამაშიდან 9-დან 6 ტყორცნა გამოიყენა, 14 ქულას კი 7 შედეგიანი პასი წაამატა. გიორგი ფარქვეშ თამამად შედიოდა და იტალიელებს თავსატეხი არაერთხელ გაუჩინა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრების სხვა ლიდერები სასურველ ფორმაში არ იმყოფებიან, ცინცაძის კარგი თამაში ნამდვილად იმედისმომცემი უნდა იყოს.
მითუმეტეს, რომ ჯერჯერობით, ხეირს ნაკლებად ვიღებთ ჯეიკობ პულენისგან. გასული 2 მატჩის მსგავსად, ამერიკელმა უკანახაზელმა ვერც ამჯერად გაიბრწყინა და 23:24 წუთში ხუთ ქულას დასჯერდა, თანაც სამქულიანი ერთხელაც კი არ უსვრია. თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა, რომ პულენის სჯერა და როგორც კი ის სასურველ დონეზე გავა, გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს...
შესვენების შემდეგ, ქართველი კალათბურთელები მეტოქეს რამდეჯერმე მიუახლოვდნენ, თუმცა, როგორც კი, სხვაობა სახიფათო ხდებოდა, იტალიელები წარმოუდგენელ ბურთებს აგდებდნენ და ინტრიგას კლავდნენ. საბოლოოდ, მათ 22-დან 12 სამქულიანი და 52-დან 32 ორქულიანი ჩააგდეს, რაც როგორც, წესი მატჩის მოგების გარანტიაა. “სკუადრა აძურა” იმდენად იშვიათად აცილებდა, რომ მეტოქის ფარზე ბურთი ერთადერთხელ მოხსნა, ჯამში კი, ქართველებს მოხსნებში 22:27 ჩამორჩა.
სამაგიეროდ, აშკარა გახლდათ სტუმართა უპირატესობა სხვა კომპონენტებში. მათ პასებში 20:15 გვაჯობეს, ბურთი მხოლოდ 9-ჯერ დაკარგეს (ქართველებმა – 14-ჯერ), შეცდომების შემდეგ აღებულ ქულებში 20:9 გვაჯობეს, სათადარიგო კალათბურთელების მიერ ჩაგდებულ ქულებში კი – 44:9 (!). ეს გასაკვირი არ ყოფილა, რადგანაც ლატვიასთან მატჩის ერთ-ერთმა გმირმა დუდა სანაძემ მატჩი უქულოდ დაასრულა, გიორგი შერმადინმა კი მოედანზე მხოლოდ 07:30 წუთი გაატარა და ხუთ ქულას დასჯერდა. მე-2 ტაიმში გიორგიმ ხელის მცირე ტრავმაც მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული არაფერია და მან მატჩისშემდგომ მოთელვაშიც მიიღო მონაწილეობა.
თბილისის ტურნირზე საუკეთესო თამაში სწორედ იტალიასთან ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ნაკრების კაპიტანმა ძალიან ბევრი იბრძოლა, თამაშიდან 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 11-დან 9 საჯარიმო გამოიყენა და 21 ქულას 11 მოხსნა წაამატა. ტრადიციულად, ორმაგი დუბლის შორიახლოს ტრიალებდა სანიკიძე, რომელმაც 8 ქულას 10 მოხსნა წაამატა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა 9 ქულა ჩააგდო. სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ალესანდრო ჯენტილე (20), დანილო გალინარი (17), ლუიჯი დატომე (15), ანდრეა ბარნიანი (11) და დანიელ ჰაკეტი (11) ასცდნენ. აქედანაც სჩანს, რომ “სკუადრა აძურამ” ჩინებული გუნდური თამაში აჩვენა და როდესაც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის კიდევ უფრო მოუმატებს, მართლაც სერიოზული ძალა იქნება.
მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველომ” სამახსოვრო პრიზი დააწესა, რომელიც იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერ დანილო გალინარის აღნიშნული კომპანიის პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა გადასცა. რაც შეეხება საჩემპიონო თასს, ის “სკუადრა აძურას” კაპიტანმა ლუიჯი დატომემ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძისა და თბილისის მერის მოადგილე ლევან ლექვინაძისგან ჩაიბარა.
ახლა, საქართველოს ნაკრებს ორდღიანი შესვენება ექნება, 19 აგვისტოს კი გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც 20-22 აგვისტოს სამთა ტურნირია დაგეგმილი. მასპინძელთა გარდა, იგორ კოკოშკოვის შეგირდები ქალაქ როანში ძალებს ბელგიის ეროვნულ გუნდთანაც მოსინჯავენ. 22 აგვისტოს “ჯვაროსნები” გეზს სლოვენიისკენ აიღებენ და იქ 26-მდე დარჩებიან, ხოლო 27-ში იტალიაში გაემგზავრებიან. 28-30 აგვისტოს ტრიესტის ტრადიციულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და მიჩიგანის უნივერსიტეტი იქნებიან. 31 აგვისტოს ქართველები ისევ სლოვენიას მიაშურებენ, იქ სამიოდ დღე გაჩერდებიან, 3 სექტემბერს კი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩავლენ, სადაც ევრობასკეტ-2015-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ელით.
საქართველო – იტალია 67:87 (22:25, 18:27, 16:19, 11:16)
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=16&gameID=70070&lng=en
მატჩის შემდეგ
იგორ კოკოშკოვი: “უაღრესად საჭირო ტურნირი იყო, რომელმაც გუნდში არსებული ხარვეზები გამოაჩინა. მოსამზადებელ ციკლში ვიმყოფებით და ეს, ბუნებრივიცაა. მთავარია, საუკეთესო ფორმაში ევროპის ჩემპიონატისთვის ვიყოთ, რისთვისაც საფრანგეთში და იტალიაში დაგეგმილი ტურნირები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სათადარიგო კალათბურთელებს მცირე დრო მიეცათ, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. იტალიასთან მატჩში ტურნირის გამარჯვებულის ბედი წყდებოდა და გვინდოდა, მოგება ჩვენ დაგვრჩენოდა. იტალიას უძლიერესი გუნდი ჰყავს და კარგია, რომ მათ წინააღმდეგ თამაშის საშულება მოგვეცა. დიდი მადლობა ქომაგს, რომელიც ასეთ სიცხეში ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. მიხარია, რომ ტრიბუნებზე ამდენი ახალგაზრდა იყო. მათ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავების თამაში თავისი თვალით იხილეს”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “იტალიის ძალიან ძლიერ ნაკრებთან დავმარცხდით, თუმცა ეს თამაში ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ზუსტად 20 დღე დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. საერთო ჯამში, ტურნირი ძალიან პოზიტიური გამოვიდა. თავის გამოჩენის საშუალება თითქმის ყველას მიეცა და ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მომავალზე პოზიტიურად ფიქრი შეგვიძლია”.
ვიქტორ სანიკიძე: “ამ ტურნირს ყველანაირად დადებითად ვაფასებ. მოსამზადებელ ეტაპზე ვართ და სამომავლოდ ნამდვილად გამოგვადგება. რაც შეეხება თამაშს, მართალია, გვქონდა შეცდომები, თუმცა იტალიის ნაკრებმა უმაღლეს დონეზე ითამაშა. დღეს თავს ზემოთ ძალა არ იყო. ისინი სამქულიანებს ძალიან მაღალი პროცენტით ესროდნენ და ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევა საკმაოდ რთულია. იტალიას უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ევრობასკეტზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც იქნება. ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს, ვიმუშავებთ და შევეცდებით, ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დარბაზში მოვიდა და მაგრად გვიქომაგა. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ”.
ალესანდრო ჯენტილე: “საკმაოდ კარგი ტურნირი იყო და შესაძლებლობა მოგვეცა ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვეთამაშა. საქართველოს ეროვნულ გუნდს ძლიერი კალათბურთელები ჰყავს. მაგალითად, ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც იტალიაში თამაშობდნენ. ასევე, ზაზა ფაჩულია. ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ კარგი სპარინგი გამოგვივიდა”.
სიმონე პიანიჯანი: “პირველ რიგში, დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზებისთვის, მასპინძლობისთვის და თბილი დახვედრისთვის. ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი რამდენიმე კალათბურთელი ევროპულ კლუბებში არ თამაშობს, ამდენად, მათთვის განსხვავებულ გარემოში ასპარეზობა საჭირო გახლდათ. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, დარბაზი გაივსო და ჩვენთვის, ესეც რეპეტიცია გახლდათ, რადგანაც ევრობასკეტზე, ბერლინურ ჯგუფში ასევე სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში მოგვიწევს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში 40 ქულა ჩაგვიგდო, რაც ჩვენთვის კარგი მაჩვენებელი ნამდვილად არაა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება ევრობასკეტზე იტალიის გეგმებს, მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა. არადა, ჩვენი მეტოქეებიდან გამომდინარე, ესეც საკმაოდ რთული იქნება. პლეი-ოფში კი, უკვე ყველაფერზე შეიძლება ფიქრი”.