ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ცინცინატის მასტერსის (საპრიზო ფონდი 4 457 065 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.
არადა, ნიკოლოზი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. მე-15 ნომრად განთესილ მარსელ ილჰანთან მატჩში, ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, მეორეშიც ბრეიკით დაწინაურდა და როდესაც საქმე მაინც მე-3 სეტამდე მივიდა, 5:4-ზე აწვდიდა, თუმცა, წააგო.
საბოლოოდ, თურქმა ჩოგბურთელმა 4:6, 6:4, 7:6 (7:2) იმარჯვა და კვალიფიკაციის დასკვნით წრეში ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ასევე მძიმე ბრძოლაში ამერიკელ რაიან ჰარისონს 7:5, 3:6, 7:6 (7:2) სძლია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 534 ქულა აქვს და 99-ე ადგილი უკავია.