ფეხბურთი

12:05 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ბასკეთში შეარცხვინეს

“ბარსელონას” თბილისში მოგებული დამქანცველი მატჩის შემდგომ მხოლოდ ორი დღე ჰქონდა დასვენება. რასაკვირველია, “ბლაუგრანას” ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და დასვენება მათაც სჭირდებათ, თუმცა გუშინ გამართული ესპანეთის სუპერთასის პირველი რაუნდის მატჩში კატალონიელთა ასეთ საშინელ თამაშს არანაირი გამართლება არ აქვს.

ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა და სამშაბათის შემადგენლობიდან 5 მოთამაშე შეცვალა: პიკეს, მატიეს, ბუსკეტსის, რაკიტიჩისა და ინიესტას ნაცვლად, მოედანზე ბარტრა, ვერმაელენი, ადრიანო, რობერტო და პედრო გამოჩნდნენ.

ერნესტო ვალვერდემ განსაკუთრებული სიახლეები არ შემოგვთავაზა და მოსალოდნისამებრ 4-2-3-1 ტაქტიკას დაეყრდნო, რომლითაც გასულ სეზონში თამაშობდა. ძირითად შემადგენლობაში ორი ახალი სახე საბინ მერინიო ზულოაგა და ხავიერ ერასო ვიხილეთ. სხვა ყველაფერი ბასკთა შემადგენლობაში ნაცნობი გახლდათ.

შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მართალია, კატალონიელები ბურთს ფლობდნენ, თუმცა მატჩის სადავეებს მასპინძლები აკონტროლობდნენ და სტუმრებს მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.

პირველი სახიფათო ეპიზოდი მე-10 წუთზე ტერ შტეგენის არადამაჯერებელ თამაშს მოჰყვა, რომელმაც ბურთი ცუდად აიტანა, თუმცა შეცდომა თავად გამოასწორა და ერასოს ახლო მანძილიდან აუღო.

ორ წუთში გერმანელმა კიპერმა კიდევ უფრო უხეში შეცდომა დაუშვა – გორკა ირაისოსმა საკუთარი ნახევრიდან აიტანა ბურთი, ტერ შტეგენს ჩვეულებრივად შეეძლო, რომ საჯარიმოში ხელებში აეღო ბურთი, თუმცა წინ გამოვიდა და თავით აიტანა ბურთი, რაც კატალონიელთათვის ძალიან ცუდად დასრულდა, მიკელ სან ხოსემ ბურთი კარგად დაამუშავა და 40 მეტრიდან შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა.

კატალონიელებმა პირველი საგოლე მომენტი 45-ე წუთზე შექმნეს, ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა, თუმცა გორკა ირაისოსმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

მეორე ნახევარი სტუმართა შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე პედროს დარტყმული ხარიხამ უკუაგდო, ხოლო ერთ წუთში მესის კვლავ ირაისოსმა აჯობა.

გამოუყენებელი მომენტებისთვის “ბარსელონა” ზუსტად ორ წუთში დაისაჯა, მარცხენა ფლანგზე საბინ მერინიომ გაილაღა, დანი ალვეშს ბავშვივით გაუსწორდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას არიც ადურისმა დაასწრო და თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ლუის ენრიკე თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადა და მოედანზე ივან რაკიტიჩი და ანდრეს ინიესტა შეუშვა, თუმცა ვერც მათ შეძლეს რაიმე ღირებულის შექმნა.

მასპინძლები დაცვაში არ ჩამდგარან, მათ დაინახეს, რომ მეტოქე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და შეტევები განაგრძეს, რასაც 62-ე წუთზე ადურისის დუბლი მოჰყვა, რომელმაც კატალონიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

შვიდ წუთში დანი ალვეშმა საკუთარ საჯარიმოში ეჩიტა წააქცია, ხოლო ხოსე ლუის გონსალესმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანი ადურისმა უნაკლოდ შეასრულა, ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 4:0.

“ლომებმა” საკუთარ გულშემატკივრებს დაუვიწყარი საღამო შესთავაზეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ახლა მათ შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ საოცრად უიღბლო სერია შეწყვიტონ და 31 წლიანი პაუზის შემდგომ ტიტული მოიპოვონ. ამისთვის კი, საჭიროა “ნოუ კამპზე” გასამართ შეხვედრაში (ორშაბათს შედგება) ოთხბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნონ.

აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანამ” ზედიზედ მეორე მატჩში გაუშვა ოთხი გოლი, რაც 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ბილბაო – ბარსელონა 4:0 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1):
ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი, ერასო (გურპეგი 77), სუსაეტა (ბოვედა 85), მერინიო (ლეკუე 66), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბარტრა, ვერმაელენი, ალვეში, ადრიანო, რობერტო (რაკიტიჩი 60), მასკერანო, რაფინია (ინიესტა 52), პედრო (რამირესი 71), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 სან ხოსე (13), 2:0;3:0;4:0 ადურისი (53;62;68 პენ.)
გაფრთხილებები: ერასო, ბენიატი, ეჩიტა, გურპეგი, სუსაეტა, სან ხოსე – პედრო, ალვეში, მასკერანო, ინიესტა
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

0.240763