საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 3 ოქტომბრიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება. სწორედ ამ დღეს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი. აღნიშნულ თარიღს აღმასკომის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
"ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ასე რომ, შემიძლია დავამშვიდო ყველა და ვუთხრა, რომ არჩევნები 31 დეკემბერს არ გაიმართება", - განაცხადა სფფ-ს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებს კანდიდატურების წარდგენა უკვე ხვალიდან შეეძლებათ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სფფ-ს გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ლევან კობიაშვილი აპირებენ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველი უნდა იყოს 24-დან 70 წლამდე, აქტიური შეხება უნდა ჰქონდეს საფეხბურთო სამყაროსთან. გარდა ამისა, არ უნდა იყოს ნასამართლევი და უმაღლესი განათლების დიპლომსაც უნდა ფლობდეს.
შეგახსენებთ, რომ სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციას 2009 წლის 19 სექტემბრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა, ხოლო გადადგომის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გააკეთა. იგი ფედერაციის პრეზიდენტად არჩევნებამდე დარჩება, თავად კი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.