გუშინ თბილისის მერიის თასის უცხოელი მონაწილეები ჩამოვიდნენ. საქართველოს დედაქალაქს გამთენიისას ეწვივნენ ლატვიისა და ესტონეთის ნაკრებები, ხოლო ტურნირის ფავორიტი იტალიის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 16:00 საათზე დაეშვა.
იტალიელებს აეროპორტში რამდენიმე ქომაგი დახვდა, რომლებმაც ნბა-ს მოთამაშეებთან და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებთან - მარკო ბელინელისთან, ანდრეა ბარნანისთან და დანილო გალინარისთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
იტალიის ნაკრებმა სპორტის სასახლეში საღამოს 21:00 საათზე ივარჯიშა, მანამდე კი გუნდის წევრებმა თბილისის ძველი უბანი დაათვალიერეს და პირველი, რაც იტალიელთა პრეს-ატაშემ, ფრანჩესკო ანტონიომ აღნიშნა, ღვინის მაღაზიების სიჭარბე იყო.
ფრანჩესკო „სკუადრა აძურას“ თავკაც სიმონე პიანიჯანისთან ერთად სპორტის სასახლის ადმინისტრაციულ შესასვლელთან გაშენებულ ვაზსაც გულისყურით ათვალიერებდა - სანამ გუნდის წევრები სასახლის ფოიეში მიმოდიოდნენ და ლატვიელთა ვარჯიშის დასრულებას ელოდებოდნენ. ვარჯიშის დაწყებამდე იტალიელთა მთავარ მწვრთნელ სიმონე პიანიჯანის გავესაუბრეთ...
- სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა. ჩვენს ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ თბილისის ტურნირი იტალიისთვის პირველი რეალური გამოცდა იქნება, რადგან ნბა-ს მოთამაშეები გასულ კვირას შემოგვიერთდნენ და მთლიანი გუნდით პირველ ტესტს ვაბარებთ. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, სტუმრად ვთამაშობთ და ამ მატჩებში კარგად გამოჩნდება ის დეტალები, რაზე მუშაობაც და რისი გამოსწორებაც ევროპის ჩემპიონატამდე გვმართებს.
- საქართველოში 16 კალათბურთელით ჩამოხვედით, ევროპის ჩემპიონატზე კი 12 მათგანით მიემგზავრებით. თბილისის ტურნირის შემდეგ ხომ არ აპირებთ მათ შეკვეცას?
- არა, 16 მოთამაშით ვიქნებით ბოლომდე, ანუ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და გადაწყვეტილებას, თუ ვინ წავა ევრობასკეტზე, აგვისტოს ბოლოს მივიღებ. გუნდში ყველა ის კალათბურთელია, რომლებიც იტალიაში საუკეთესოდ ითვლება. კონკურენცია დიდია და სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით თითოეულის შესაძლებლობებში, სახლში არავის გავუშვებთ.
- რას იტყვით საქართველოზე, ქართველ კალათბურთელებზე?
- სპორტული თვალსაზრისით რა უნდა ვთქვა, აქ ჩვენ ქართველებთან საომრად და 2 ქულის მოსაპოვებლად არ ჩამოვსულვართ. საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ტურნირის სხვა მონაწილეები, კარგი სპარინგ-პარტნიორები არიან და ჩვენ მათთან თამაშით ბევრ სარგებელს მივიღებთ. ქართველ კალათბურთელებს რაც შეეხებათ, რა თქმა უნდა, ვიცნობ მათ, რომლებიც იტალიაში, ევროპაში თამაშობენ. საკმაოდ მაღალი დონისანი არიან.
- რა ამბიციით მიდიხართ ევროპის ჩემპიონატზე, მით უფრო, რომ წინა ჯერისგან განსხვავებით, ამჯერად ყველა საუკეთესო მოთამაშე ნაკრებშია?!
- წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩვენ ევრობასკეტის ყველაზე ძლიერ ჯგუფში ვართ, სადაც ესპანეთი, სერბეთი, მასპინძელი გერმანიაა. რთულია ამბიციებზე ლაპარაკი, როცა ასეთი ძლიერი მეტოქეები გელის. ჩვენი მიზანი პირველი ეტაპის დაძლევაა და თუკი ამას მოვახერხებთ, შედეგზე მერე ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობთ. ერთი მომენტიცაა: ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 მატჩის ჩატარება გვიწევს და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რა მოხდება, რთული სათქმელია.
ასე დაასრულა საუბარი სენიორე პიანიჯანიმ და სასწრაფოდ სპორტის სასახლის შენობაში შევიდა, მისი შეგირდები უკვე მოედანს იკავებდნენ. ვარჯიში ფიზმომზადების მწვრთნელმა გახსნა, რომელმაც კალათბურთელების მოთელვას საკმაო დრო დაუთმო, შემდეგ სროლები და კომბინაციებზე ვარჯიშებს კიდევ ერთი მწვრთნელი გაუძღვა. მთავარი მწვრთნელი მოედანზე მიმდინარე ამბებში მონაწილეობას თითქმის არ იღებდა. ის მხოლოდ უყურებდა – რომ იტყვიან, სიტუაციას აკონტროლებდა.
ასე დასრულდა იტალიელთა პირველი დღე თბილისში. დღეს, “სკუადრა აძურა” ლატვიას 20:30 საათზე შეხვდება, მანამდე კი, 18:00 საათზე საქართველო - ესტონეთია.
იტალიის ეროვნული ნაკრები | |||
მოთამაშე | სიმაღლე | გუნდი | |
პიეტრო არადორი | 194 | რეჯიო ემილია | |
ანდრეა ბარნანი | 213 | ბრუკლინი, აშშ, ნბა | |
მარკო ბელინელი | 196 | საკრამენტო, აშშ, ნბა | |
რიკარდო ჩერვი | 214 | აველინო | |
ანდრეა ჩინჩირინი | 193 | ემპორიო არმანი | |
მარკო კუზინი | 211 | ვანოლი | |
ლუიჯი დატომე | 201 | ფენერბაჰჩე, თურქეთი | |
ამადეო დელა ვალე | 194 | რეჯიო ემილია | |
დანილო გალინარი | 205 | დენვერი, აშშ, ნბა | |
ალესანდრო ჯენტილე | 201 | ემპორიო არმანი | |
დანიელ ჰაკეტი | 197 | ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი | |
ნიკოლო მელი | 205 | ბამბერგი, გერმანია | |
დავიდე პასკოლო | 202 | ტრენტო | |
ჯუზეპე პოეტა | 191 | ტრენტო | |
აჩილეპოლონარა | 203 | რეჯიო ემილია | |
ლუკა ვიტალი | 201 | ვანოლი | |
მწვრთნელთა შტაბი | |||
სიმონე პიანიჯანი | მთავარი მწვრთნელი | ||
ლუკა დალმონტე | ასისტენტი | ||
მარიო ფიორეტი | ასისტენტი | ||
მარკო ესპოზიტო | ასისტენტი |
www.gbf.ge