უკრაინული "დნიპრო" გასულ სეზონში ბევრისთვის მოულოდნელად ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. "დნიპრომ" ფინალური მატჩი ვარშავაში ესპანურ "სევილიასთან" წააგო. უკრაინელთა წარმატებაში კი დიდი წვლილი ევგენი კონოპლიანკამ შეიტანა, რომელმაც აღნიშნული მატჩშის შემდგომ გუნდი დატოვა და სათამაშოდ სწორედ ზემოხსენებულ ესპანურ გუნდს შეუერთდა.
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომელთაც ევროტურნირის ფინალი წააგეს, შემდგომ კი სწორედ მათი მოწინააღმდეგის რიგებში გადაბარგდნენ.
რაიმონ კოპა - "რეიმსიდან" "რეალში"
ჩემპიონთა თასის ფინალი, 1956 წელი
პოლონურ ოჯახში გაზრდილი და საფრანგეთში ემიგრაციით მცხოვრები რაიმონ კოპა, რომელიც შემტევი ნახევარმცველი იყო, "სტად რეიმსიდან" მადრიდის "რეალში" 1956 წელს მას შემდგომ გადაბარგდა, რაც ესპანელებმა ფრანგულ გუნდს ჩემპიონთა თასის ფინალში 4:3 აჯობეს. კოპამ "სამეფო კლუბთან" ერთად იგივე ტიტული სამჯერ, 1957, 1958, 1959 წლებში მოიგო.
დმიტრი ჩიგრინსკი - "შახტარიდან", "ბარსელონაში"
ევროპის სუპერთასი, 2009 წელი
უკრაინელი დმიტრი ჩიგრინსკი "ბარსელონას" რიგებში ვერ დამკვიდრდა. იგი "კამპ ნოუზე" მას მერე აღმოჩნდა, რაც "შახტარმა" ევროპის სუპერთასზე კატალონურ გრანდს ნამდვილი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ დამატებით დროში წააგო პედროს გოლის გამოისობით. მაშინ ჩიგრინსკი ამბობდა: "გამიმართლა, რომ აქ ვარ. იმედია მაქვს ჩემს ადგილს ასეთ დიდ გუნდში ვიპოვი". - თუმცა დმიტრის სიტყვები, რომლის სანაცვლოდაც 25 მილიონი ევრო იქნა გაღებული, არ გამართლდა.
ნემანია მატიჩი - "ბენფიკადან", "ჩელსიში"
ევროპა ლიგის ფინალი, 2013 წელი
2013 წელს ლონდონის "ჩელსიმ" ევროპა ლიგის ფინალში ლისაბონის "ბენფიკას" მოუგო, ხოლო "ბენფიკას" ერთ-ერთი ლიდერი ნემანია მატიჩი სულ მალე სწორედ "ჩელსიში" დაბრუნდა. მასზე ჟოზე მოურინიო ამბობდა: "იგი ძალიან გაიზარდა პორტუგალიაში, ახლა კი ფანტასტიურ ნახევარმცველად იქცა".
მარიო გიოტცე - "დორტმუნდიდან" "ბაიერნში"
ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2013 წელი
"დორტმუნდის" ლიდერი და სკოლის აღზრდილი მარიო გიოტცე მიუნხენის "ბაიერნში" 2013 წლის ზაფხულში გადავიდა. მანამდე კი მაისში "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენურ გიგანტთან დრამატულად დათმო. - "ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელმძღვანელობა, გუნდი, მწვრთნელები, ფილოსოფია, პერსპექტივა", - ასე აფასებდა მაშინ გიოტცე "ბაიერნში" გადასვლას.
ევგენი კონოპლიანკა - "დნიპროდან" "სევილიაში"
ევროპა ლიგის ფინალი, 2015 წელი
უკრაინელ ფეხბურთელზე სტატიის დასაწყისში უკვე მოგახსენეთ. ვარშავაში გამართული ფინალიდან 6 კვირის შემდგომ კონოპლიანკა "სევილიელ დალაქებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. - "ჩვენ ვსაუბრობთ ყველასგან განსხვავებული ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ის აქ არის", - თქვა უკრაინელის შეძენის შემდგომ სევილიელთა პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ.