კალათბურთი

23:43 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში საკვანძო მატჩი დათმო და ნახევარფინალში გასვლის შანსი მინიმუმამდე შეიმცირა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, მეორე ჯგუფის პირველ მეტოქე ესტონეთთან ვერაფერი გააწყო.

სათქმელია, რომ ქართველების მეტოქე ძალიან ძლიერი ნაკრები იყო. ესტონეთს ამ ასაკში გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს და ელიტაში აღზევების უპირველეს კანდიდატად მიიჩნეოდა. ბალტიისპირელებმა საქართველოსთან მატჩში თავისი ძალა გამოაჩინეს. მძლავრად ჩატარებული მეორე პერიოდის შემდეგ, დიდი შესვენებისთვის ესტონეთი 42:27 დაწინაურდა, რაც სოლიდური ჰანდიკაპი გახლდათ.

მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებისკენ მძლავრად გაიწია. ბოლო პერიოდის წინ 18 ქულით ჩამორჩენილმა ქართველებმა მეტოქეზე იერიში მიიტანეს და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. სამწუხაროდ, ეს იყო მაქსიმუმი, რაც ჩვენმა ნაკრებმა შეძლო და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდა – 63:72. საქართველოს ნაკრებში 15-15 ქულით ზაურ ჯანელიძე და ნიკა ყირიმელი გამოირჩნენ.

ჩერქეზიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 13 აგვისტოს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს და თუკი 21 ქულით მოუგებს, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესტონეთი ბელგიასთან დამარცხდება, საქართველო ნახევარფინალში გავა.

ევროპის U16 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სოფია, ბულგარეთი. 12 აგვისტო

საქართველო 63:72 ესტონეთი (12:16, 15:26, 16:19, 20:11)

სრული სტატისტიკა: 63:72

www.gbf.ge

0.120305