ფეხბურთი

14:40 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ივან რაკიტიჩი: “ამ მომენტს მთელი წელი ველოდი”

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონას” რიგებში ერთ-ერთი გოლის ავტორმა ხორვატმა ივან რაკიტიჩმა, რომელსაც თბილისში ყოფილ გუნდ “სევილიასთან” დაპირისპირება მოუწევს, უეფას ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სუპერთასის მატჩს მთელი წელი ელოდა.

-შარშანდელი უეფას სუპერთასი, რომელშიც “სევილია” მონაწილეობდა “ბარსელონაში” გადასვლის გამო გამოტოვეთ. ამჯერად, ალბათ შეხვედრას განსაკუთრებული გრძნობებით ელით?

-ერთის მხრივ ასეა, მაგრამ მეორე მხრივ – ცოტა საწყენია. ჩემს პარტნიორებსა და კლუბს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ამის შესაძლებლობა მომცეს. რაც შარშან დავკარგე, წელს შევიძინე. თუმცა, მეტი მსურს. ამ მომენტს მთელი წელი ველოდი. სეზონის ასეთი ტიტულით დაწყება საუცხოოა. “სევილიასთან” მატჩით სტარტის აღება კიდევ უფრო უკეთესია.

-“სევილია” თქვენთვის რას ნიშნავს?

-სიმართლე გითხრათ, ყველაფერს. როდესაც ვამბობ, რომ სახლში მივდივარ, ვგულისხმობ სახლს, რომელიც სევილიაში მაქვს. იქ ჩემი ცოლია და ჩემი შვილიც სევილიაში დაიბადა. შესაბამისად, ეს ძალიან ახლოა კავშირია, არა მარტო კლუბთან, არამედ, “სევილიას” მოქალაქეებთან.

-ალბათ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს მიეჩვიეთ. როგორი შეგრძნებაა?

-ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონაში” იმ სეზონის მერე გადავედი, როდესაც გუნდმა საერთოდ ვერაფერი მოიგო. მიხარია, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებისა და კლუბის ყველა წევრის მხრიდან პატივისცემა დავიმსახურე. ახლა “სევილიასთან” ვითამაშებ და ეს განსაკუთრებული ისტორიაა. თუმცა, ჩვენ “ბარსა” ვართ და ტიტულისთვის ვთამაშობთ. “სევილიასადმი” პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – გამარჯვება.

-ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით...

-შთამბეჭდავი შეტევა იყო. ჩვენ სივრცეებს ვეძებდით, ბევრ პასს ვაკეთებდით და ვმოძრაობდით – ეს სრულებით ბარსელონური გოლი იყო. პარტნიორებს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ იმ ადგილზე აღმოვჩნდი და გუნდს დავეხმარე.

-ფინალში გადამწყვეტი ფაქტორი რა აღმოჩნდა?

-მთავარია, რომ ჩვენს ჩანაფიქრზე უარი არ ვთქვით. მაშინც კი, როდესაც ვხედავდით, რომ ზოგიერთი კომბინაციისას ბურთი დანიშნულების ადგილზე არ მიდიოდა, სულით არ ვეცემოდით და სხვაგვარად თამაშზე არ ვფიქრობდით.

-თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასი რომ აღმართეთ რას გრძნობდით?

-ევროპა ლიგის თასზე უფრო მსუბუქია. ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ გადმოცემ. ყველა მოთამაშე თავდაუზოგაბად შრომობს, რომ ეს მომენტი შეიგრძნოს. ეს უმნიშვნელოვანესი მიზანია. ხშირად ვიმეორებ, რომ ოცნება არ მიყვარს, მაგრამ ოცნებების რეალობად ქცევა მიყვარს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შესაძლებლობა მქონდა და იმედია, ეს ბოლო შანსი არაა.

0.122234