ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოსამზადებელ პერიოდში პირველი გამარჯვება იზეიმა.
“ნარინჯისფრებმა”, რომელთაც რეიკიავიკში ისლანდიასთან პირველი მატჩი 55:80 ჰქონდათ წაგებული, მობილიზება მოახერხეს და იმავე მეტოქეს 73:65 სძლიეს.
არადა, ტოონ ვან ჰელფტერენის შეგირდები ამ თამაშშიც კატასტროფასთან ახლოს იყვნენ. ჰოლანდიამ მძიმედ დაიწყო და მე-3 მეოთხედში 35:49 ჩამორჩა, რის შემდეგაც ტრანსფორმაცია განიცადა.
რამდენიმე წუთში სტუმრებმა ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა (51:52) მოახერხეს, დასკვნითი მეოთხედი კი 12:0 “გაქცევით” გახსნეს და ზედიზედ განცდილი 5 მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმეს.
ისლანდიელებთან მატჩში საუკეთესო ვეტერანი ფორვარდი კეეს აკერბოომი იყო, რომელმაც 16 წუთში 15 ქულა ჩააგდო. ისიც ვთქვათ, რომ გასულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ჰენკ ნორელს, ტომას კოენისს და ჰოლანდიელთა ნატურალიზებულ კალათბურთელ ჯეისონ დურისოს. ამერიკელი მსუბუქი ფორვარდი ნაკრებს პირადი პრობლემების გამო დაეთხოვა და ევრობასკეტ-2015-ში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის შემდეგ, ჰოლანდიელთა თავკაცი ძალიან გახარებული გახლდათ. “როგორც იქნა, ის თამაში ვაჩვენეთ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის საშუალება მოგვცა. მატჩის მე-2 ტაიმში დაცვაში მაგრად დავდექით და სროლებიც წაგვივიდა. მინდა, ბიჭებს მივულოცო და იმედი გამოვთქვა, რომ კიდევ მოვუმატებთ”.
ჰოლანდიის ნაკრებს მორიგი 3 მატჩი შინაურ კედლებში ელის. 12 აგვისტოს “ნარინჯისფრები” როტერდამში ილინოისის უნივერსიტეტის გუნდს ეთამაშებიან, 14-ში ლეიდენში დიდ ბრიტანეთთან მატჩია, 16-ში კი, იქვე პორტუგალიასთან თამაშია დაგეგმილი.
ისლანდია – ჰოლანდია 65:73 (20:16, 21:17, 11:18, 13:22)
ჰოლანდია: ფრანკე (10 წ. 6 ქ.), უილიამსი (15 წ. 5 ქ. 3 მ.), ვ.დე იონგი (25 წ. 9 ქ. 4 ჩ.), კლოოფი (25 წ. 10 ქ.), ხერაზი (22 წ. 8 ქ. 9 მ. 3 პ.), პაგტერი (14 წ. 2 ქ. 4 მ.), აკერბოომი (16 წ. 15 ქ. 4 მ.), შაფტენაარი (24 წ. 9 ქ. 9 მ.), ნ.დე იონგი (6 წ.), სმეულდერსი (14 წ. 4 მ.), კანინგემი (4 წ.), სლაგტერი (25 წ. 6 ქ. 4 პ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.