ფეხბურთი

13:03 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში რეკორდების დასამხობად

დღეს საქართველოს დედაქალაქში 2015 წლის ევროპის სუპერთასის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. "დინამო არენაზე" ესპანური დერბია - "ბარსელონა" "სევილიას" წინააღმდეგ.

კატალონელებიცა და სევილიელებიც სეზონს სწორედ სატიტულო შეხვედრით გახსნიან. გუნდებმა აქამდე ამხანაგური მატჩები გამართეს. ლუის ენრიკეს გუნდმა 5 სპარინგიდან 3 მოიგო, ორში კი დამარცხდა. "სევილიელმა დალაქებმა" თავის მხრივ, ამდენივე ჩატარებულ წინასასეზონო შეხვედრიდან 2 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 წააგეს.

კატალონურ გრანდს თბილისში ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი და ესპანელი უკანახაზელი ხორდი ალბა არ ჩამოჰყოლია, ადრიანოს თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო უნაი ემერის განკარგულებაში კარიკო, ნზონზი და პარეხა არ იქნებიან.

გასულ სეზონთან შედარებით "ბარსას" შემადგენლობა თითქმის იდენტურია. გუნდის ორ ახალწვეულ თურქ არდა თურანსა და ალეიშ ვიდალს ("სევილიადან" შეძენილი) "ბლაუგრანასთვის" გარჯა იანვრიდან შეეძლებათ.

"სევილიას" რიგები კი ზემოხსენებული ვიდალის გარდა, კოლუმბიელმა ლიდერმა კარლოს ბაკამ დატოვა, რომლის შემცვლელადაც ესპანელებმა იტალიელი ჩირო იმობილე შეიძინეს. ანდალუსიელები დიდ იმედს ამყარებენ უკრაინელ ახალწვეულ ევგენი კონოპლიანკაზეც.

ეს გუნდები ევროპის სუპერთასზე ერთხელ უკვე გაეჯიბრნენ და 2006 წელს, მონაკოში, ბევრისთვის მოულოდნელად "სევილიამ" 3:0 გაიმარჯვა. მაშინ "დალაქელთა" ღირსებას დღეს "ბარსას" წევრი დანი ალვეში იცავდა, რომელიც თბილისში გამარჯვების შემთხვევაში ლეგენდარულ პაოლო მალდინის ევროპის სუპერთასზე ჩატარებული მატჩების მხრივ გაუტოლდება.

ალვეშის "ბარსელონა" კი თავის მხრივ, მალდინის "მილანს" დაეწევა, რომელსაც აღნიშნული ტიტული აქამდე 5-ჯერ მოუგია.

"სევილიას" მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის გაწვრთნილ გუნდებს "ბარსელონა" დამარცხებული არ ჰყავთ - "ალმერიას", "ვალენსიას", "სპარტაკისა" და "სევილიას" დამრიგებლის რანგში ემერიმ 19 მატჩიდან 13 წააგო და მხოლოდ 6 ფრე გაახერხა.

ლუის ენრიკეს კი შანსი აქვს პეპ გვარდიოლას, კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს შემდეგ გახდეს მეოთხე ადამიანი, ვინც ევროპის სუპერთასს, როგორც ფეხბურთელის ისე მწვრთნელის რანგში დაეუფლება. ენრიკემ ფეხბურთელობისას ეს ტიტული 1997 წელს მოიგო.

"სევილია" ტიტულისთვის ერთი წლის წინაც იბრძოდა, თუმცა მადრიდის "რეალთან" 0:2 დამარცხდა. მანამდე კი მათ 2007 წელს "მილანთან" წააგეს (1:3). "ბარსასთან" მოგებულ მატჩზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

ევროპის სუპერთასზე ესპანური ფინალი მესამედ შედგება, რაც რეკორდია. სამივე ფინალში პირინელების ერთ-ერთი წარმომადგენელი "სევილია" იყო.

ეს ორი გუნდი ყველა ტურნირზე ერთმანეთს 152-ჯერ შეხვედრილან. 80 მატჩი "ბარსელონამ" მოიგო, 34 ფრედ დასრულდა, ხოლო 38-ჯერ "სევილიამ" იმარჯვა.

მატჩს შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლუმი მოემსახურება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბარსელონა" (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიე; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, პედრო

"სევილია" (4-2-3-1): ბეტო; მარიანო, კოკე, კრიხოვიაკი, ტრემოლინასი; იბორა, ბანეგა; რეიესი, დენის სუარესი, კონოპლიანკა; გამეირო

0.114995