ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გასულ შაბათს უელსის დამარცხებით ახალ სარეიტინგო სიმაღლეებს მიაღწია. მსოფლიო რეიტინგი მსოფლიო რაგბიმ 2003 წელს დანერგა და პირველად 12-წლიან ისტორიაში “სამყურები” მე-2 საფეხურამდე აღზევდნენ.
ირლანდიამ უელსს შაბათს კარდიფში “მილენიუმზე” 35:21 მოუგო და 1,13 სარეიტინგო ქულა მიიღო, რის შემდეგაც 0,05 ქულით გაუსწრო ავსტრალიას, რომელმაც რაგბი ჩემპიონშიპის დასკვნით ტურში “ოლ ბლექსი” დაამარცხა და ორი საფეხურით, მე-3 ადგილამდე დაწინაურდა. “ვოლაბებს” ნიკ უაითის გმირობამ ახალი ზელანდია დაამარცხებინა და თასის შემართვასთან ერთად, 1,13 სარეიტინგო ქულაც მოუტანა. ახლა ავსტრალია ირლანდიას სულ რაღაც 0,05 ქულით ჩამორჩება და “ბლედსლოუს თასისთვის” “ოლ ბლექსთან” მეორე შეხვედრას 15 აგვისტოს გამართავს. “კენგურუები” ინგლისს 1,44 ქულით უსწრებენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალი ზელანდია პირველად დამარცხდა, მაგრამ რეიტინგის თავში რჩება და მდევართანაც მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს - 5,83 ქულა. სამხრეთ აფრიკა დურბანში ხუან იმჰოფის ჰეთ თრიკის შედეგად 25:37 რომ დამარცხდა, 2 სარეიტინგო ქულა ქარს გაატანა და ერთბაშად სამი ადგილით დაქვეითდა. ის ახლა მხოლოდ მეხუთე პოზიციაზეა. ამდენივე ქულა მიიღო და მართალია წინ ვერ წაიწია არგენტინამ, თუმცა საფრანგეთთან ჩამორჩენა 0,57 ქულამდე დაიყვანა და ის უკვე ერთი ხელის გაწვდენაზეა.
წყნარი ოკეანის თასის თამაშები კვირის დასაწყისში გაიმართა და მათი შედეგები რეიტინგზე ახლა აისახა. თასის მფლობელი ფიჯი, რომელმაც გადამწყვეტ ჯახში სამოა დაამარცხა, ახლა მე-9 ადგილზეა, სამოა ერთბაშად ორი საფეხურით დააქვეითა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქემ მსოფლიო თასზე ტონგამ, იაპონიის ძლევით ათ საუკეთესოთა შორის მოიპოვა ადგილი. იაპონიას შარშან 10-მატჩიანი წაუგებელი სერია რომ ჰქონდა, ათეულიც დააჭაშნიკა, მაგრამ უკანასკნელ 12 თვეში ბევრი თამაში წააგო და უკვე მე-15 საფეხურამდე დაეშვა. მათ წინ იტალია აღზევდა და ახლა საქართველოს ნაკრები, რომელიც მე-13 პოზიციაზეა, შოტლანდიასა და იტალიას შორის მოექცა.
აშშ-მ ზედიზედ მეორე სძლია კანადას, რისთვისაც 1,06 ქულა მიიღო და იაპონიას 2-ზე ოდნავ მეტი ქულით ჩამორჩება. კანადამ მე-18 ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ურუგვაი მას კიდევ უფრო დაუახლოვდა. და “ბორჯღალოსნების” კიდევ ერთმა მეტოქემ მსოფლიო თასზე ნამიბიამ, აფრიკის თასის მატჩში კენია 46:13 დაამარცხა და ოცეულში შევიდა. ამრიგად, მოცემული მომენტისთვის მოწინავე 20-ეულში მხოლოდ ის გუნდები არიან, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისში, მსოფლიო თასზე ითამაშებენ.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 10 აგვისტოსთვი
1 (1). ახალი ზელანდია 92,72
2 (3). ირლანდია 86,89
3 (5). ავსტრალია 86,84
4 (4). ინგლისი 85,40
5 (2). სამხრეთ აფრიკა 84,37
6 (6). უელსი 82,94
7 (7). საფრანგეთი 79,74
8 (8). არგენტინა 79,17
9 (10). ფიჯი 77,04
10 (12). ტონგა 77,25
11 (9). სამოა 75,14
12 (11). შოტლანდია 74,79
13 (13). საქართველო 72,16
14 (15). იტალია 71,85
15 (14). იაპონია 71,15
16 (16). აშშ 69,10
17 (17). რუმინეთი 66,73
18 (18). კანადა 64,55
19 (19). ურუგვაი 62,11
20 (21). ნამიბია 61,57
21 (20). ესპანეთი 61,54
22 (22). რუსეთი 61,10
23 (23). ჩილე 57,34
24 (24). ჰონკონგი 57,31
25 (25). კორეა 56,70
26 (26). ბელგია 56,47
27 (27). ზიმბაბვე 56,44
28 (28). კენია 55,89
29 (29). პორტუგალია 55,72
30 (30). გერმანია 54,78
31 (31). უკრაინა 54,07
32 (32). მოლდოვა 53,69
33 (33). ჰოლანდია 51,86
...