ფეხბურთი

21:22 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: “ჩვენ თამაშს ვითამაშებთ”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ სუპერთასის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ბარსელონა” ფავორიტია, მაგრამ კატალონიელებთან პაექრობაში უმაღლესი შედეგის მიღწევას შეეცდება.

-სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში “ბარსელონასთან” ზედიზედ 19 მატჩი არ მოგიგიათ. ამ ტრადიციის დარღვევას შეეცდებით?

-ეს ჩემი კიდევ ერთი შანსია. უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით, რომელიც ფავორიტია. ჩვენ საკუთარი პლუსები გვაქვს, რომლებზეც ვმუშაობთ. ის შანსი, რაც ხვალ გვექნება, გვინდა გამოვიყენოთ. როგორც ხვალ, ასევე მომდევნო თამაშებში “ბარსელონასთან” უმაღლესი შედეგის მიღწევა გვსურს.

-რუსული მედია და “სპარტაკის” გულშემატკივრები წარმატებას გისურვებთ. გუნდში თანაშემწედ დმიტრი ჩერიშევი მიიყვანეთ და მისი შვილის დენისის მიწვევასაც ხომ არ ფიქრობთ?

-დიდი მადლობა “სპარტაკის” ქომაგებს თბილი სიტყვებისთვის. რუსეთში გავიგე რამდენად დიდი კლუბია “სპარტაკი”. რაც შეეხება დიმიტრის, მას უდიდესი გამოცდილება აქვს კონკრეტულ სამწვრთნელო ასპექტებზე მუშაობაში. დენისი დიდი ხანი ტრავმირებული იყო და მისი ნიჭი სრულად ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, მას უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. მისით “რეალიცაა” დაინტერესებული.

-ადილ რამი ფიზიკურად რამდენად მზადაა?

-ჩვენს მომზადებაში ყოველ დღეს და საათს დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშნელოვანი თამაში გვაქვს, მაგრამ რამის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა და უნდა მოვიცადოთ ექიმი რას გვეტყვის. ვერ გეტყვით რამი ხვალ ითამაშებს თუ არა.

-არის თუ არა კარგი დრო “ბარსელონასთან” სათამაშოდ, რადგან მას ნეიმარი ტრავმირებული ჰყავს?

- “ბარსელონა” დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამ გუნდმა ლუის ენრიკეს პერიოდში ძალიან წინ წაიწია. ფაქტია, რომ “ბარსელონას” ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ “ბარსას” ნეიმარის პედროთი შეცვლა შეუძლია.

-კოკემ თქვა, რომ შანსებს 50/50-ზე აფასებს. ქართველების უმეტესობა “ბარსელონას” უგულშემატკივრებს და ეს თქვენს ფეხბურთელებს ხომ არ დააკომპლექსებს?

-რაც შეეხება შანსებს, ბევრმა ალბათ თავი გაიქნია, როდესაც კოკემ ეს თქვა. გვინდა გამარჯვება, მაგრამ კონკრეტული ციფრების დასახელება არ მსურს. ჩვენ თამაშს ვითამაშებთ და ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ. ამას ვერავინ წაგვართმევს.

-ბოლო თამაშში იმდენად აჯობეთ “ბარსელონას”, რომ მეტოქის მოთამაშეები მატჩის დასრულებას ელოდნენ. როგორ ფიქრობთ, ხვალ ამას მოახერხებთ?

-ჩვენ გვინდა ასე ვითამაშოთ და ამ მიმართულებით ფეხბურთელებს თავდაჯერება ეტყობოდეთ. “ბარსელონას” უპირატესობა ბურთის ფლობის მხრივ ექნება და ჩვენ მეტოქეს პრესინგი უნდა დავუწესოთ. ამისთვის ყველა შანსს გამოვიყენებთ. კარგი ფეხბურთელები გვყავს და ეს შეგვიძლია.

-“სევილიას” დაცვის ცენტრში დიდი პრობლემები აქვს. ეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა თუ რაც “ბარსელონას” ნეიმარის ტრავმის სახით გააჩნია?

-წარმოდგენილი მაქვს მატჩი როგორ განვითარდება და ეს გამართლდება თუ არა გამოჩნდება. ჩვენ ტრავმირებული ფეხბურთელები უნდა შევცვალოთ და იმ მოთამაშეებით, რომლებიც გვყავს, მაქსიმალურ შედეგს უნდა მივაღწიოთ. “ბარსელონას” ბევრი ნაკლი არ აქვს და უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შანსები. ხვალ დავინახავთ “ბარსელონას” და “სევილიას” რა შეუძლიათ.

-შეიძლება ითქვას, “ბარსელონა” იმდენად ძლიერია, რომ მასთან წაგება კატასტროფა არაა. ეს თქვენთვის ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არაა?

-ასეთი დონის თამაში ყოველ კვირას არაა და აუცილებლად მაქსიმალურად პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. როგორც შევძლებთ ისე ვითამაშებთ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და რა გამოვა გამოჩნდება.

-პირველი კლუბი ხართ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ევროპა ლიგის მოგებით მოხვდა. არის თუ არა ეს დიდი შანსი და ამ წესზე რას ფიქრობთ?

-რამდენიმე წლის წინ მწვრთნელთა სემინარზე ვისაუბრეთ და გავაჟღერეთ იდეა, რომ ევროპა ლიგის გამარჯვებული უნდა დაჯილდოვდეს. ევროპა ლიგაში წარმატების მისაღწევად ეს კლუბებისთვის მეტი მოტივაციაა.

-კონოპლიანკაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? მას რა პოზიცაზე ხედავთ და მისი მდგომარეობა როგორია?

-კონოპლიანკა ძალიან პრესტიჟული ფეხბურთელია მთელ ევროპაში და გაგვიმართლა რომ გადმოვიყვანეთ. დმიტრი ჩერიშევი მასთან ურთიერთობაში გვეხმარება რომ გაიგოს ვარჯიშის დროს რა ხდება, თავი კომფორტულად იგრძნოს და დავალება გაიგოს. მას მარჯვენა და მარცხენა ფეხით თამაში თანაბრად შეუძლია. სრულ ადაპტაციას ზამთარში გაივლის და მის პოტენციალს ვნახავთ.

0.208784