“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის სტარტზე სენსაციის გამოცხობას და ევროპის სუპერთასზე “ბარსელონას” დამარცხებას გეგმავს.
-“სეილიას” კიდევ ერთი ევროპული ჯილდოს მოგების შანსი აქვს. თქვენი გუნდისთვის ეს გამარჯვება რას ნიშნავს?
-სეზონის დასაწყისშივე ვიცით, რომ პირველივე მატჩში ტიტულის მოგება შეგვიძლია. “ბარსელონა” ფავორიტია, მაგრამ მოედანზე სენსაციის მოხდენის ოცნებით გავალთ. თუ მოვიგებთ, ეს თავდაჯერებას შეგვმატებს და ჩვენს ავტორიტეტს აამაღლებს, რაც სეზონის წინ კარგად დაგვმუხტავს.
-“ბარსელონა”, რომელიც მეცხრედ იბრძოლებს ამ ჯილდოსთვის, რაც რეკორდია, აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. ის როგორ უნდა დაამარცხოთ?
-უნდა მოვძებნოთ გზები, რომ ჩვენ გუნდებს შორის კლასში განსხვავება შევამციროთ. თუ მოვახერხებთ, “ბარსას” შესაჩერებლად ეს მეთოდები უნდა გამოვიყენოთ. მატჩზე იმ იდეით უნდა გავიდეთ, რომ ორივე მხარის ოსტატობის დონის ნიველირება შევძლოთ.
-როგორ ემზადებით სათამაშოდ გუნდთან, სადაც ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი გამოდიან?
-ნებისმიერ სირთულეს უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ ასეთი მოთამაშეების სუსტ მხარეებსაც მოვძებნით.
-მწვრთნელის სამუშაოში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
-ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს და ამის გზებს ვეძებთ, რათა გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ოცნებები ცხოვრებაში განვახორციელოთ. ეს ყველაზე საუკეთესოა, რაც შეიძლება მწვრთნელმა გამოსცადოს.
-ზაფხულში ალექს ვიდალი, სტეფან მბია და კარლოს ბაკა გაყიდეთ. ასეთ დანაკარგს როგორ შეავსებთ?
-იგივე რჩება გუნდის საძირკველი, რომელზეც ჩვენი მუშაობის გაგრძელება შეიძლება. არსებობს ისეთი მომენტები, რომლებსაც უბრალოდ უნდა შეეგუო. თუ ზოგჯერ მოთამაშეების შეცვლა გიწევს ე.ი. ეს საჭიროა. ჩვენ ბევრი საუცხოო შემსრულებელი გვყავდა: ლუის ფაბიანო, ფრედერიკ კანუტე, კრისტიან პოულსენი, დანიელ ალვეში. სირთულეებისა და ნებისმიერი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პროგრესირება გვსურს.
-ერთი წლის წინ, “რეალმა” კარდიფში “სევილია” დაამარცხა და მე-11 ესპანური კლუბი გახდა, რომელსაც უეფას სუპერთასი მოუგია. ევროთასებზე ესპანეთი რატომ დომინირებს?
-“რეალი” და “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდებია. მათ ყველაზე ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ. ესპანურ გუნდებს ერთგვარი უნიკალური საშეჯიბრო გენი აქვთ, რაც ჩვენ განსაკუთრებულ თვისებებს გვძენს, რაც ევროთასების შედეგებზე აისახება. ეს გენი მაღალი დონის მოთამაშეებთან, კარგად ორგანიზებულ გუნდებთან და გონივრულ სავარჯიშო პროცესთან ერთად “ატლეტიკოს”, “სევილიას”, “ვალენსიას” და მთელ ესპანეთს აქვს. ჩვენ ძალა ამაშია. ჩვენი ღირებულებები ესაა და მათი შენახვა გვსურს.