2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიამ რიგაში გამართული სამთა ტურნირი მარცხით დაასრულა.
იურე ზდოვცის შეგირდებმა პირველ მატჩში პოლონეთს ოვერტაიმში 98:97 სძლიეს და გადამწყვეტ შეხვედრაში ლატვიას გაეჯიბრნენ, რომელმაც პოლონეთს ასევე აჯობა – 84:82.
აინარს ბაგატსკისის მიერ გაწვრთნილმა ლატვიამ თამაში მძლავრად დაიწყო და 9:0 დაწინაურდა. მოგვიანებით, მასპინძელთა უპირატესობამ 16 ქულასაც უწია, თუმცა, სლოვენიელებმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხეს.
საბოლოოდ, მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, რომელიც ლატვიამ უკეთYჩაატარა და ქართველთა მომავალი მოწინააღმდეგე 72:66 დაამარცხა.
სლოვენიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ისევ ზორან დრაგიჩი იყო, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო, ალენ ომიჩმა კი ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა. სტუმრებმა 38-დან 17 ორქულიანი (44.7%), 18-დან 6 სამქულიანი (33.3%) და 22-დან 14 საჯარიმო (63.6%) ჩააგდეს.
ახლა, სლოვენიის ნაკრები სპარინგ-მატჩებისგან მცირე პაუზას აიღებს, ათიოდ დღეში კი მოედანზე ისევ გავა. ზდოვცის შეგირდებს ლიუბლიანაში მიჯრით 4 თამაში ელით: 21 აგვისტოს – უკრაინასთან, 22-ში – ფინეთთან, 23-ში – იტალიასთან, ხოლო 27-ში – სერბეთთან. სლოვენიელები დასკვნით მოსამზადებელ მატჩს 29 აგვისტოს ბოსნიურ ბანია ლუკაში ისევ სერბეთთან გამართავენ.
თავის მხრივ, ლატვიელებს მორიგი საკონტროლო მატჩები თბილისში ელით. შეგახსენებთ, რომ 14-16 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს და ჩვენი გუნდი ლატვიელთა გარდა, ესტონეთს და იტალიას გაეჯიბრება.
ლატვია – სლოვენია 72:66 (23:10, 16:22, 16:19, 17:15)
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (19 წ. 5 ქ. 3 პ.), ნიკოლიჩი (17 წ. 4 ქ.), ზ.დრაგიჩი (23 წ. 14 ქ.), ბალაჟიჩი (19 წ. 5 ქ.), ომიჩი (22 წ. 10 ქ. 11 მ.); რუპნიკი (16 წ. 3 ქ. 3 მ.), პრეპელიჩი (24 წ. 5 ქ.), ბლაჟიჩი (17 წ. 8 ქ. 5 მ.), მაჰკოვიჩი (5 წ. 4 მ.), დიმეცი (11 წ. 5 ქ.), კლობუჩარი (6 წ.), სლოკარი (22 წ. 7 ქ. 4 მ.).
მწვრთნელი: იურე ზდოვცი.