რაგბი

21:40 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიას თასი ერგო, არგენტინას სენსაცია (+VIDEO)

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამწლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ჩემპიონშიპი მოიგო, არგენტინამ კი, პირველად მოახერხა სამხრეთ აფრიკის ნაკრების დამარცხება და თანაც ისტორიული გამარჯვება აფრიკელთა მიწაზე, დურბანში იზეიმა.

“ვოლაბებს” რაგბი ჩემპიონშიპი ბოლოს ოთხი წლის წინ, 2011 წელს ჰქონდათ მოგებული. რაც სამხრეთელ ბობოლებს არგენტინა დაემატათ და ის ოთხ ერად გადაკეთდა, გამარჯვებული მუდამ ახალი ზელანდია ხდებოდა, მაგრამ აი დადგა მსოფლიო თასის ჩატარების წელიწადი და ავსტრალიელები კვლავ მწვერვალზე მოექცნენ. წელს ტურნირი შემოკლებული პროგრამით, ერთ წრედ ჩატარდა და შესაძლოა, “კენგურუების” წარმატებაში ლომის წილი საკუთარი მოედნის ფაქტორმაც დაიდო.

შეხვედრის ბედი დასკვნით 12 წუთში გადაწყდა. ამ პერიოდში შეცვლაზე შესულმა ნიკ უაითმა ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა. მანამდე, ულელოო პირველი ტაიმი “ოლ ბლექსმა” 6:3 მოიგო და მეორე ნახევარშიც ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა.

დურბანში სამხრეთ აფრიკამ უამრავი შეცდომა დაუშვა და ბურთზე კონტროლი ეგრეც ვერ დაამყარა. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე არგენტინამ მეტოქე შერკინებაში დაჯაბნა და საკუთარი შანსებიც ბრწყინვალედ გამოიყენა, თუმცა, მის წარმატებაში წვლილი რეფერიმაც შეიტანა, რომელმაც სტუმრებს ორი საეჭვო ლელო ჩაუთვალა,მასპინძლებს კი, ერთი ლელო გაუუქმა. მთლიანობაში, არგენტინელები თავიდანვე გალიდერდნენ და პირველ ტაიმში მარსელო ბოშის და ხუან იმჰოფის დუბლით 27:13 დაწინაურდნენ. თამაში რომ განახლდა იმჰოფმა ჰეთ თრიკი შეასრულა და აფრიკელთა ორმა საპასუხო ლელომ, აქედან ბოლომ 79-ე წუთზე, გამარჯვებულის ვინაობა ვეღარ შეცვალა - 37:25.

2015 წლის რაგბი ჩემპიონშიპი

III ტური

ავსტრალია - ახალი ზელანდია 27:19

სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 25:37

ავსტრალია 3 3 0 0 85:48 13
ახალი ზელანდია 3 2 0 1 85:65 9
არგენტინა 3 1 0 2 64:98 5
სამხრეთ აფრიკა 3 0 0 3 65:88 2

0.12876