ფეხბურთი

19:40 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაცემი ჟურნალისტი რასიმ ალიევი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო ნაცემი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რასიმ ალიევი დღეს დილით ბაქოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან აზერბაიჯანული “გაბალას” ფეხბურთელი ჯავიდა ჰუსეინოვი კვიპროსელი მეტოქის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანული ინტერნეტ პორტალი Minval.az-ი წერს, რომ საავადმყოფოში ალიევი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობებით და სმენის ნაწილობრივ დაქვეითებით მოათავსეს. ღამით მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ შინაგანი სისხლდენის გამო, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე “გაბალას” კაპიტანის, ჰუსეინოვის ინტერვიუ ატვირთა, რომელიც მან კვიპროსელ ჟურნალისტებს ლარნაკას “აპოლონის” 1:0 დამარცხების შემდეგ მისცა და ამ შედეგმა აზერბაიჯანული კლუბი ევროპის ლიგის პლეი ოფში გაიყვანა. კუნძულელი ჟურნალისტი ფეხბურთელს ეკითხებოდა, თუ რატომ აღმართა ნამატჩევს თურქული დროშა, რაზეც ჰუსეინოვმა უპასუხა - “თურქები ჩემი მეგობრები არიან”, და ამის შემდეგ ჟურნალისტს უხამსი ჟესტი უჩვენა. ვიდეოს ალიევმა კომენტარი დაურთო, სადაც ეწერა, რომ არ სურდა მის ქვეყანას ევროპაში წარადგენდეს გაუზრდელი ფეხბურთელი, რომელმაც ქცევის ნორმები არ იცის.

მის პოსტს თანამემამულეთა მხრიდან შეურაცხმყოფელი პასუხები მოყვა. ისინი ალიევს ლანძღვადნენ. მოგვიანებით მას თავად ჰუსეინოვმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი ჟესტი არასწორედ გაიგეს და მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მეგობარი ქვეყნები არიან. მოგვიანებით ალიევს დაურეკა ადამიანმა, რომელიც მას ჰუსეინოვის ბიძაშვილად გაეცნო და შესარიგებლად შეხვედრა დაუნიშნა. შეხვედრაზე მისული ჟურნალისტი 5-6-მა ადამიანმა სასტიკად სცემა და მისი მობილური ტელეფონიც მოიპარეს. ჰუსეინოვი ამბობს, რომ ალიევის გარდაცვალებასთან არაფერი აკავშირებს.

გარდაცვლილის ახლობლები მის ნეშთს 6 საათის განმავლობაში ელოდნენ. მორგში, სადაც ექსპერტიზა ტარდებოდა, მათ არ უშვებდნენ და მხოლოდ დიდი პროტესტის შემდეგ შეუშვეს რასიმის მამა. ამასთან, მორგთან გამოიძახეს პოლიციის დამატებითი ძალები. მორგიდან ალიევის ნეშთი ჯერ მეჩეთში, მერე მის სახლში გადაასვენეს და მეხთიაბადის სასაფლაოზე დაკრძალეს.

0.117782