სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, რიგის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო და პოლონეთს გამარჯვება ოვერტაიმშიღა გამოგლიჯა – 98:97.
სამთა ტურნირის პირველ შეხვედრაში მასპინძელმა ლატვიამ პოლონეთს 84:82 სძლია, მე-2 მატჩი კი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. დიდი უპირატესობით წინ გასვლას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა და გამარჯვებულის ვონაობა დამატებით ხუთწუთეულში გამოვლინდა.
საინტერესოა, რომ ოვერტაიმის დასაწყისში სლოვენიამ 12 უპასუხო ქულა ჩააგდო და 96:86 დაწინაურდა, თუმცა, პოლონეთი გამოფხიზლდა და ბოლო წამებზე კინაღამ იმარჯვა კიდეც.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სლოვენიელთა გამარჯვება ზუსტი სამქულიანების სიმრავლემ განაპირობა. მათ 26-დან 12 (46.2%) შორეული ტყორცნა გამოიყენეს, როდესაც პოლონეთმა მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდო.
არადა, პოლონელებმა მეტოქის 19-ის წილ 30 ზუსტი ორქულიანი ჰქონდა, საჯარიმოები კი ორივე გუნდმა მრავლად სტყორცნა. სლოვენიამ 28-დან 24 საჯარიმო მიითვალა, პოლონეთმა კი – 30-დან 25.
სლოვენიელებს ნამდვილად დიდოსტატური მაჩვენებელი ჰქონდა პასებში (27). სამაგიეროდ, მოხსნებში მეტოქეს 28:35 ჩამორჩნენ და პოლონელთა აშკარა უპირატესობა იყო სამწამიან ზონაშიც, საიდანაც მათ 50 ქულა მიითვალეს, სლოვენიამ კი – მხოლოდ 30.
იურე ზდოვცის შეგირდთაგან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ზორან დრაგიჩი იყო, თუმცა, მისმა თამაშმა მაინც ორაზროვანი შთაბეჭდილება დატოვა. საქმე ის გახლავთ, რომ უმცროსმა დრაგიჩმა ქულების ნახევარი საჯარიმოებით მიითვალა, თამაშიდან კი 11-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა.
სლოვენიელთაგან 10-ქულიან ზღვარს ასცდნენ მიტია ნიკოლიჩი (15), იურე ბალაჟიჩი (14) და ალენ ომიჩი (12), პოლონელებს კი ნბა-ში გამობრძმედილმა მარცინ გორტატმა ულიდერა, რომელმაც ფარქვეშ არავინ გაახარა და 24 ქულას 8 მოხსნა წაამატა. პოლონელთა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
“ანგარიშიდანაც სჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, დაცვაში კი არაფერი გამოგვივიდა. მეტოქემ პირველ ტაიმში 43 ქულა ისე ჩაგვიგდო, რომ 1 სამქულიანიც კი არ გამოუყენებია. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კარგია, რომ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა, ზოგიერთი მოთამაშის ზედმეტად ინდივიდუალურმა თამაშმა კარგ ხასიათზე ნამდვილად არ დამაყენა”, - განაცხადა ზდოვცმა.
დღეს, სლოვენიელები რიგაშივე ლატვიას გაეჯიბრებიან და სამთა ტურნირის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვევა.
სლოვენია – პოლონეთი 98:97 დ.დ (20:21, 26:22, 20:22, 18:19, 14:13)
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (23 წ. 9 ქ. 3 მ. 6 პ.), ნიკოლიჩი (20 წ. 15 ქ.), ზ.დრაგიჩი (31 წ. 16 ქ.), ომიჩი (27 წ. 12 ქ. 8 მ.), სლოკარი (16 წ. 7 ქ. 3 მ.); რუპნიკი (12 წ. 2 ქ. 6 პ.), პრეპელიჩი (30 წ. 11 ქ. 4 მ. 5 პ.), ბლაჟიჩი (18 წ. 5 ქ.), ბალაჟიჩი (24 წ. 14 ქ.), დიმეცი (12 წ. 6 ქ.), კლობუჩარი (12 წ.).
მწვრთნელი: იურე ზდოვცი.