კალათბურთი

22:31 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიკობ პულენი ევროლიგის გუნდ ცედევიტაში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, ჯეიკობ პულენი კარიერას ხორვატიულ კლუბ „ცედევიტაში“ გააგრძელებს. პულენმა იტალიის უმაღლესი დივიზიონი ხორვატიისაზე გაცვალა, თუმცა ამით მხოლოდ მოგებული გამოვიდა, რადგან ზაგრებული გუნდი ძველი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულსა და მძლავ ლიგაში - ევროლიგაში ასპარეზობს.

პულენმა გასული, 2014-15 წლების სეზონი 3 გუნდში გაატარა, რომლებიდანაც ყველაზე მეტხანს და შედეგიანად ბოლო კლუბ „ენელ ბრინდიზიში“ ითამაშა. იტალიურ კლუბში ის საშუალოდ 12.5 ქულას, 3.7 პასს და 2.5 მოხსნას აკეთებდა. მანამდე მან მოკლე ხანი ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ სევილიაში გაატარა, სადაც საშუალოდ 11 ქულა და 2 პასი ჰქონდა. პულენმა გასული სეზონის დასაწყისში ჩინეთის მძლავრ ლიგაშიც მოასწრო თამაში, სადაც ლიანინ ჰანტერსის ღირსებას იცავდა.

პულენის სახელს უკავშირდება ესპანეთის უმაღლესი ლიგის ყველა დროის რეკორდი ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების მხრივ. 2013-14 წლების სეზონში იგი ბარსელონას ღირსებას იცავდა, სადაც 39 მატჩში საშუალოდ 6.6 ქულასა და 1.4 პასს ითვლიდა, თუმცა ერთ-ერთ შეხვედრაში, ვალიადოლიდთან, ჯეიკობ პულენმა 12 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ლეგენდარული ბრაზილიელი კალათბურთელის, ოსკარ შმიდტის ესპანეთში დამყარებული რეკორდი 1 სამიანით გააუმჯობესა.

პულენი ამჟამად სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

gbf.ge

0.11377