არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა. ლუის ენრიკემ კოპა ამერიკის ტურნირზე მონაწილე ფეხბურთელები დაასვენა, მათ შორის სამხრეთამერიკელი ვარსკვლავიც.
მედიამ ესპანელის გადაწყვეტილება მესის ტრავმით ახსნა. გავრცელებული ცნობებით, მესის ფეხის დაზიანება ჰქონდა. ყველაფერი, რა თქმა უნდა, გადამეტებული გახლდათ და ლიონელი "კამპ ნოუზე" "ჟოან გამპერის" თასზე "რომას" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (3:0) გამოჩნდა.
"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივრებს მესის სტადიონზე მისვლის, მატჩისთვის მომზადების, პრეზენტაციის და თამაშის კადრებისგან შექმნილი ვიდეო წარუდგინა. მესიმ "რომას" წინააღმდეგ 60 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.
ევროპის სუპერთასი ახლოვდება და ქართველი გულშემატკივრების იმედები რამდენიმე დღეში გამართლდება. არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ მესი თბილისში არ ჩამოვა, შესაბამისად არგენტინელ ვარსკვლავს (თუ რაიმე სასწაული არ მოხდა) "დინამო არენაზე" ვიხილავთ.





