კალათბურთი

0:57 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რევანში აუღო

საქართველოსა და ბოსნიის ეროვნული ნაკრებების მეორე სპარინგ-მატჩი ბალკანელთა 15-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. არადა, ბოლო პერიოდის წინ ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა - ბოსნიელები 64:62 იგებდნენ და როგორც თამაშის მსვლელობა კარნახობდა, დაძაბული ბოლო ათწუთეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

ბოლო პერიოდში ქართველებს თამაში აღარ წაუვიდათ, ბოსნიელებს კი პირიქით - ხელფეხი გაეხსნათ და საბოლოოდ, ბალკანელებმა დიდი სხვაობით იმარჯვეს. გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, როცა ბოსნიელებმა 18 მოიხვეჭეს და საკუთარ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცეს - 82:67.

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოედნიდან გიორგი ცინცაძის გავარდნამ. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ბოლო პერიოდში მე-5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე იძულებით გადაინაცვლა.

არადა, საწყისი 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია. ქართველებმა პირველი მეოთხედი 22:20 მოიგეს. თანაბარი ბრძოლა მეორე ათწუთეულშიც გაგრძელდა, რომელიც ბოსნიელთა მცირე უპირატესობით წარიმართა და დიდი შესვენებისთვის ბალკანელები 46:44 იგებდნენ.

მესამე მეოთხედი ფრედ - 18:18 დასრულდა და შეხვედრა კულმინაციურ - ბოლო პერიოდს მიადგა, რომელიც, როგორც ვთქვით, ბოსნიელთა მოულოდნელი უპირატესობით და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ბექა ბურჯანაძემ დააფიქსირა, რომელმაც 23:17 წუთში 14 ქულა მიითვალა. 11 ქულით დაასრულ შეხვედრა ჯეიკობ პულენმა, ხოლო ზაზა ფაჩულიას ანგარიშშზე 9 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ვიქტორ სანიკიძე საკმაოდ პროდუქტიული იყო და შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. მანუჩრ მარკოიშვილის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტოს თბილისის მერიის თასის ფარგლებში გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში 9 აგვისტომდე დარჩება, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.

ამხანაგური მატჩი. პოდჩტრტეკი. სლოვენია. 6 აგვისტო

საქართველო 67:82 ბოსნია (22:20, 22:26, 18:18, 5:18)

სრული სტატისტიკა: 67:82

www.gbf.ge

0.134649